აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთი “ავტოკრატიული ბლოკის აშკარა ლიდერია.” აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილება მიიღოს დემოკრატიულ და ავტოკრატიულ სამყაროებს შორის.
მაკფოლი ამბობს, რომ ჩინეთი მსოფლიოში ექსპანსიონისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწევა, შესაბამისად, პეკინის ინვესტიციებმა, შესაძლოა, “სამიზნე ქვეყნების”, მათ შორის საქართველოს ავტოკრატიულ ორბიტაზე გადასვლა გამოიწვიოს.
“ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, – ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი”, – თქვა მან.
მაკფოლმა ისაუბრა რუსულ კანონზეც. მისი თქმით, ეს კანონი საქართველოსვე სწორედ ავტოკრატიულ რელსებზე გადაიყვანს.
“ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს”, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.