სახალხო დამცველი ტელეკომპანია მთავართან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა არხის სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა. მისი თქმით, მას ზოგადად არ უყვარს, როდესაც ადამიანებს აბუჩად იგდებენ.
“ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს აბუჩად იგდებენ ან შეურაცხყოფას აყენებენ, არ მიყვარს, ესე გავიზარდე, რომ ესეთი რაღაცების მიმართ ვარ სენსიტიური”. – თქვა მან.
იოსელიანი ამბობს, რომ “როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ვიღაცისთვის”, ის იმას წერს, რასაც ფიქრობს. კითხვაზე, ასევე მიუღებელია თუ არა აკადემიკოსის ხარისხის ერთი ზარით ადამიანისთვის მინიჭება, ომბუდსმენი პასუხობს:
“ესეც მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც მიუღებელია, რა ფორმითაც ეს გაკეთდა”.
11 ივნის ტელეკომპანია მთავარზე გავიდა სიუჟეტი, სადაც არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია მეცნიერებეთა აკადემიის ახალ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. ამაზე, როინ მეტრეველმა უპასუხა:
“ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია… ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან”.
სიუჟეტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც და დაწერა, რომ – “83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არაა ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო”.