“ოცნების” მხრიდან იმდენად გამწვავდა რიტორიკა, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს – საბანაძე

გააფართოებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიმართ სანქციების პაკეტს – დიპლომატი ნატალია საბანაძე სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილის ხელისუფლებას აკისრებს და “დღის ამბების” ეთერში აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც საგარეო კურსის ცვლილებით და რუსული კანონის უკან გაწვევით ქვეყნებს შორის სიტუაციის დასტაბილურების ბერკეტი გააჩნია, “ქართული ოცნებაა”.

მმართველი პარტიის მხრიდან იმდენად გამწვავდა რიტორიკა, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს” – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში და იქვე ამატებს, რომ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში აღმოჩნდა.

დიპლომატი დასძენს, რომ სანქციების დაწესებას წინ მოლაპარაკებების გამართვის სურვილი უძღოდა, თუმცა მისი თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ოლიგარქის გუნდის მხრიდან უარი მიიღეს.

”პირდაპირ სანქციებს არავინ არ აწესებს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული კომუნიკაცია. იყო შემოთავაზება, რომ მოლაპარაკებები გამართულიყო იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. ბევრი რამ იდო მაგიდაზე, თუმცა ყველაფერზე უარი მიიღეს. უარის ფორმასაც ხომ გააჩნია, იმდენად მოხდა რიტორიკის გამწვავება “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს. ძალიან მძიმე ფონი აჩვენა. სანქციებიც ეტაპობრივია. თავიდან არის სავიზო შეზღუდვები, შემდეგ ხალხის რაოდენობაც იზრდება, მერე გადადის საფინანსო შეზღუდვებზე და ა.შ.. ჩვენ მოვისმინეთ გზავნილი, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და შეგვიძლია, სიტუაცია გავაუმჯობესოთ და სიტუაცია შეიცვალოს”, – ამბობს საბანაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, “ოცნების” წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

“ოცნების” წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები – ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share