ხუთი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან – 2019 წლის 20 ივნისს “ოცნების” ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება.
პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა.
რა მოხდა 5 წლის წინ თბილისში – მივყვეთ ქრონოლოგიურად:
20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე:
17 ივნისი – “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება იგეგმებოდა. მანვე დააანონსა, რომ ქვეყანაში რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი უნდა ჩამოსულიყო.
19 ივნისი – აქციის ფონზე წარიმართა მიღება ავლაბრის რეზიდენციაში.
ფოტოზე: მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.
რატომ ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატი, საქართველოში სწორედ საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა. ის რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
მაშინ ქართული ოპოზიცია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აფხაზეთის ომის დროს, გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ცნობილია იმითიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რაც საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ეწინააღმდეგება.
რატომ დაიწყო აქცია 20 ივნისს
სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ ოპოზიციის
წევრები იმდენად აღაშფოთა, რომ ისინი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ, მის სკამთან ხმაურით მივიდნენ და სწორედ მათი აქტიურობის შედეგად, პარლამენტში მიმდინარე ღონისძიება შეწყდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების დამსახურებით, გავრილოვმა შესვენების შემდეგ ირაკლი კობახიძის სკამი ვეღარ დაიკავა. სულ მალე ის პარლამენტის შენობიდანაც გაიყვანეს და “რედისონში” წაიყვანეს. მანამდე კი კაკო ბობოხიძემ მას წყალიც შეასხა.
პირველი აქცია
სწორედ ამ დროს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე პროტესტის პირველი მონაწილეები იკრიბებოდნენ. სირცხვილი, Go and Take Away Russian Troops (წადი და გაიყვანე რუსული ჯარი) – ამ წარწერის მქონე ბანერები ეჭირათ ხელში აქტივისტებს.
გავრილოვისა და მასთან ერთად რუსი დეპუტატების “რედისონში” გადაყვანის შემდეგ, აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა. პროტესტი გაგრძელდა და შედეგიც გამოიღო – გავრილოვმა ჯერ “რედისონი”, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა, აქტივისტებმა კი საღამოს, პარლამენტთან, მასშტაბური აქცია დააანონსეს.
ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტთან
პარლამენტის შენობასთან, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებს ხელისუფლებისგან სურდათ პასუხის მოსმენა კითხვაზე, “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში”.
სპეციალურად მოწყობილ სცენასთან ნელ-ნელა პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ და მათმა ნაწილმა შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა.
მოქალაქეები პარლამენტის წინ გავრილოვისა და რუსული დელეგაციის ვიზიტს მშვიდობიანი გზით აპროტესტებდნენ, რასაც, ოდნავ მოგვიანებით აქციის დაშლა და სისხლიანი მოვლენები მოჰყვა.
აქციის დაშლა
დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, ძალოვანებმა აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. ისინი იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და ცხოველებისთვის განკუთვნილ რეზინის ტყვიებს. აქციაზე გაზის გაშვება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დემონსტრანტების ნაწილი თავდაცვის მიზნით გაიფანტა, თუმცა, რამდენიმე წუთში, მათ ისევ პარლამენტთან გადაინაცვლეს.
აქციაზე დაშავებულები
მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად აქციის არაერთი მონაწილე და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი.
აქციაზე მედიის 30-მდე წარმომადგენელი დაშავდა. მათ ნაწილს რეზინის ტყვიები ზურგსა და კისერში ჰქონდა მოხვედრილი.
სპეცრაზმის მიერ დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიით, ორმა მოქალაქემ, გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა, თვალი დაკარგა.
მხედველობა დაკარგა აქციის კიდევ ოთხმა მონაწილემ, მათ შორის კობა ლეთოდიანმა, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა. ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისის სისხლიან აქციაზე სხეულის სხვადასხვა დაზიანება 240-მდე მოქალაქემ მიიღო.
20-21 ივნისის ღამით, მორიგი დაპირისპირება უკვე დილის 4 საათისთვის მოხდა. მაშინ, როცა სამართალდამცველებმა გამზირის “დასუფთავება” წყლის ჭავლით სცადეს. მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, ძალოსნები კი მათ 9 აპრილის ბაღში გაეკიდნენ და რეზინის ტყვიებსაც ესროდნენ.
საბოლოოდ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ ჩაწყნარდა.
“ოცნების” რეაქცია
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ, მმართველმა გუნდმა მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისს, ეს ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ამცნო და არა თავად კობახიძემ.
“ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებდა.
რა ხდებოდა მომდევნო დღეებში
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ შეწყვეტილა. მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის წინ აქციებს ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი დარბევა, წყლის ჭავლი და დაშავებული დემონსტრანტი…
ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეასრულებდა 20 ივნისის შემდგომი აქციების ერთ-ერთ მოთხოვნას – შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და 2020 წლის არჩევლებს სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც კვლავ საპორტესტო გამოსვლები, პარლამენტის პიკეტი, დარბევები და დაკავებები მოჰყვა.
სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გავრილოვის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე მუხლის, მათ შორის მთავარი, ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ ასევე გაიზიარა, უფლებადამცველების პოზიცია არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ამ დრომდე არ დამდგარა არც ერთი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ისევე როგორც არ არიან იდენტიფიცირებული მოძალადე სპეცრაზმელები. დაზარალებულთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 150
ათაზე მეტი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მთავარი არხი