ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა, სხდომაზე პარკით თხილი მოიტანა და თხილზე დაბალი ფასი გააპროტესტა.
ნიკოლაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა გურული გლეხების ერთადერთი შემოსავალი თხილის მოსავალია, წელს ერთი კილოგრამი თხილი 2 ლარი ღირს, რაც გურიის რეგიონისთვის კატასტროფის მომტანია. ნიკოლაშვილმა აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, რადგან მისი განცხადებით, ხელისუფლება ხალხის პრობლემებზე არ რეაგირებს და მის მოსაგვარებლად არანაირ ზომებს არ იღებს.
თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა, რომლებიც ხალხის სახელით სპეკულირებენ.