პანდემიურ 2020 წელს საჯარო უწყებებმა პრემია/დანამატის სახით 21,5 მლნ ლარი გასცეს. ამის შესახებ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
IDFI-ს ცნობით, კვლევის ობიექტი – 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო. კვლევის მიხედვით, 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან სახელფასო დანამატი, სულ 21,5 მილიონი ლარი, გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში. მათ შორის, პრემიის ოდენობამ – 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის- 12 მილიონი ლარი შეადგინა.
ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5.5 მილიონი ლარი), ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ – 3 მილიონი ლარი და კომუნიკაციების კომისიამ – 0.8 მილიონი ლარი. სახელფასო დანამატის სახით კი ყველაზე დიდი თანხა გაიცა საქართველოს პროკურატურასა (3.5 მილიონი ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (2.3 მილიონი ლარი).
როგორც კვლევაშია აღნიშნულია, იმ საჯარო მოხელეების ჩამონათვალი, რომლებმაც გასულ, პანდემიურ წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს, ასე გამოიყურება:
- არჩილ მესტვირიშვილი (სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი) – 47 380 ლარი;
- პაპუნა ლეჟავა (სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი) – 47 380 ლარი;
- დავით ნარმანია (სემეკის თავმჯდომარე) – 45 000 ლარი;
- გოჩა შონია (სემეკის წევრი) – 44 700 ლარი;
- გიორგი ფანგანი (სემეკის წევრი) – 56 600 ლარი;
- მაია მელიქიძე (სემეკის წევრი) – 27 175 ლარი;
- გიორგი ფრუიძე (სემეკის წევრი) – 44 700 ლარი;
- კახი ბექაური (კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე) – 33 300 ლარი;
- ვახტანგ აბაშიძე (კომუნიკაციების კომისიის წევრი) – 31 636 ლარი;
- ელისო ასანიძე (კომუნიკაციების კომისიის წევრი) – 31 636 ლარი;
- მერაბ ქათამაძე (კომუნიკაციების კომისიის წევრი) – 31 636 ლარი;
- ვალერიან ხასაშვილი (ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი) – 16 250 ლარი;
- რატი გედიანიძე (ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფროსის მოადგილე) – 14 600 ლარი.
- https://www.bpn.ge/