,,ჩვენც გავფრინდებით!“ – ამბავი სუფსელი „შერეკილებისა“
მამა-შვილმა ნუგზარ და შოთა მაღულარიებმა გურიის სოფელ სუფსაში ფილმ “შერეკილების” გაცოცხლება მოინდომეს და ზუსტად ისეთი საფრენი აპარატი ააგეს, როგორიც ფილმშია. მათ ბევრი საინტერესო გეგმა აქვთ და ამ ყველაფრის შესახებ შოთა მაღულარია გვესაუბრება:
– მე და მამა დურგლები ვართ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია. იდეა ფილმ “შერეკილებიდან” მე დამებადა, შემდეგ ერთად დავიწყეთ მისი აგება – ფილმს ვუყურებდით და იმის მიხედვით ვაწყობდით. ერთი წელი გავიდა და ჯერაც არ დაგვისრულებია. მასშტაბით საკმაოდ დიდია. ოთხი-ხუთი კაცი თავისუფლად დაეტევა და იქეიფებს. იქ მოლხენას სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ ჩამოსვლა ცოტა საშიშია. ჯერ დეკორაციაა, მაგრამ გაფრენას ვაპირებთ. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ გგონია საცაა უნდა აფრინდეს. ძალიან ბევრი მნახველი მოდის, ათვალიერებენ, ფოტოებს იღებენ.
– საქართველოში გინახავთ მსგავსი შეექმნათ?
– ბათუმის რესტორანში იყო პატარა. ისიც იმიტაცია იყო. რომ ეფრინა, ჯერ ასეთი არავის გაუკეთებია.
ბევრი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს, თუ დაფინანსებაც მოვიპოვეთ, ხომ კარგი.
ფანჩატური დავასრულეთ და კრამიტით გადავხურეთ. ძალიან ორიგინალური ჭაღი მოვიფიქრე, ფიალები ურმის ბორბალზეა დამაგრებული და შიგ ნათურებია. ამ ფანჩატურში 14-15 კაცი თავისუფლად ეტევა. სკამებიც ბორბლებისგან მაქვს გაკეთებული, გეგონება, ურიკაზე ზიხარ…
გვინდა აქ ფილმები გავაცოცხლოთ. მაგალითად, “დონ კიხოტიდან” ქარის წისქვილების იდეა გადმოვიტანოთ. ასევე რუსული ზღაპრული ქოხი, მბრუნავი “იზბუშკა”. ტურისტებს ჩვენს ღვინოსა და შინ გაკეთებულ კერძებს შევთავაზებთ. ადრე ღვინოს ქვევრებში ვაყენებდი, მაგრამ არ გაამართლა. დაბლობი რომ არის, თან ზღვასთან ახლოს, სინესტეა და ეს მოქმედებს.
ჩემს ეზოში ყვავილები ყველა სეზონზე ყვავის. ულამაზესი სანახავია ფანჩატურის სახურავზე შემოხვეული წითელი ვარდი. ზღვა ახლოს არის, ამიტომაც ძალიან პერსპექტიული სოფელია. ურეკიდან სულ რაღაც შვიდი კილომეტრია ჩემს სახლამდე, გრიგოლეთი კი აგერ, ორ კილომეტრშია. სამწუხაროდ, აქაურობა ახალგაზრდებისგან დაიცალა, მაგრამ სოფელი სუფსა კიდევ “იტყვის თავის სათქმელს”.
კვირის პალიტრა