დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, პოლიციელები კანონს არღვევდნენ – DRI-ს ანგარიში აქციებზე

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აქვეყნებს დასკვნას, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამართული აქციების დროს პოლიციის და დემონსტრანტების მოქმედებებს ეხება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ უმეტესწილად ძალოვანი უწყებები კანონის მოთხოვნების დარღვევით შლიდნენ აქციებს და უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. კვლევაში შესულია კონკრეტულ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები და ექსპერტები მიუთითებენ, რომ დემონსტრანტები კანონის ჩარჩოებიდან არ გადიოდნენ, პოლიცია კი უფლებამოსილებას აჭარბებდა. დოკუმენტში ასევე განხილულია აქციების შემდეგ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები.

ანგარიში ასახავს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია იმ პირების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები, რომლებიც უშუალოდ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ან აქციებთან დაკავშირებით დააკავეს.

”საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების, კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევა, ძალადობის წახალისება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები.” – წერია დასკვნაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share