რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანია აპროტესტებს იმას, რომ მათი ჯარისკაცები შესაძლოა, რუსეთის მხარეს, უკრაინაში მიმდინარე ომში წაიყვანონ.
ხმა – აფხაზეთიდან: „მეც კი ერთი პატარა ჩალაგებული ჩანთით ვზივარ“
ომი უკრაინაში მთავარი სალაპარაკო თემაა აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის. სოციალურ ქსელებში აფხაზები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას უკრაინაში მათი ჯარისკაცების შესაძლო გაწვევის გამო. საჯარო სტატუსებიდან ჩანს, რომ ისინი არც დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს ეთანხმებიან რუსეთისათვის „საჭიროების შემთხვევაში“ სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„როგორც კი ომი დაიწყო, პატარა ჩანთა ჩავალაგე: საბუთებით, პირველადი მოხმარების აუცილებელი საგნებით, ჩემი და ბავშვების ნივთებით. ეს ჩანთა დღემდე ასე დევს, რამე რომ მოხდეს და ისევ გასაქცევი ვიყოთ… ეს ჩვენი განცდები რა მოსატანია იმასთან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მაგრამ ასე მგონია, ჩვენ რომ გვესმის, ისე არავის არ ესმის მათი“…
რესპონდენტი რადიო თავისუფლებას უზიარებს მისი ნაცნობი აფხაზების განწყობასაც აფხაზების მონაწილეობაზე რუსეთ-უკრაინის ომში – მისი თქმით, ჯერჯერობით, საერთო მობილიზაციაზე აფხაზეთში არავინ ლაპარაკობს, თუმცა ხალხმა იცის, რომ დონეცკში ამ ომამდეც მოქმედებდა აფხაზებით დაკომპლექტებული მცირე სამხედრო ფორმირება, რომლის წევრებიც, დღესაც იქ იბრძვიან.
მოხალისეების წასვლას ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა, როცა სიტყვა სავალდებულო გაწვევაზე ჩამოვარდება ხოლმე, ყველა მისი ნაცნობი ამბობს, რომ მას „არ სურს ამ ომში მონაწილეობა და არც სადმე წასვლა“:
„ყველას გვყავს ახლობლები, 25 წლამდე ბიჭები და ძალიან გვეშინია. გვეშინია იმისიც, რომ ომის რომანტიზება არ მოხდეს, არ მოტყუვდნენ და მაინც არ წავიდნენ. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, აქ არ არის დიდად მოწონებული რუსეთის ქმედება. მომავლის შიში იგრძნობა… თუმცა ისიც ფაქტია, რომ არც ღია პროტესტს გამოხატავს ვინმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ“.
რა ბრძანებები მიიღეს ამ დღეებში მოსკოვში მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ხალხისთვის უცნობია – ხალხი მხოლოდ ვარაუდობს რომ შესაძლოა, მოქმედმა მთავრობამ თავიდან მხოლოდ მოხალისეების შესთავაზოს წასვალა:
„დარწმუნებული ვარ, ამასაც პროტესტი მოჰყვება. ასე მგონია, არ დათმობს მოსახლეობა მართლა თითზე დასათვლელი ახალგაზრდების გაყვანას აფხაზეთიდან“.
ხმა ცხინვალიდან: შიში გაჩნდა, ვაითუ, მათი შვილები აღარ დაბრუნდნენ ამ ომიდან
უკრაინაში გაჩაღებული ომის პირველ დღეებში, ოდნავ სხვაგვარი განწყობა იყო ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში – ოღონდ მანამ, სანამ იქაც მოიმატებდა ცნობები ომში დაღუპული ადგილობრივების შესახებ.
რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი, ცხინვალის რეგიონიდან ამბობს, რომ დღეს, ცხინვალში, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილია წინააღმდეგი მათი შვილების, ქმრების თუ ოჯახის ახლობელ-მეგობრების უკრაინაში გაწვევის.
ჯერჯერობით, მიჰყავთ ის, ვინც რუსულ ბაზებზე მუშაობდა, გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი და ხელფასს იღებდა.
თუმცა ცხინვალში სხვაგვარ განწყობასაც შეხვდებით.
„ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ამბობდა თავის ქმარზე, რა მოხდა მერეო? ეს მისი სამსახურია. 70 000-ს თვეში ისე ხომ არ უხდიდნენ? ხომ ვიცით, სად მუშაობს და დღეს ან ხვალ გამოიძახებენო“.
თუმცა დღეს უკვე, როცა ადგილობრივების უკრაინაში დაღუპვის ათამდე ამბავი მაინც გავრცელდა, ცხინვალის რეგიონში შიშმა იმატა, რომ მათი შვილები, შესაძლოა, ამ ომიდან ვეღარ დაბრუნდნენ.
„აპრილში ცხინვალი დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევს და მე უკვე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამბობენ, თუ არაფერი შეიცვალა და ისევ ბიბილოვი გახდა პრეზიდენტი, უკრაინაში წავალთ საბრძოლველად, თუ მანამდე ომი არ დასრულდებაო“…
რადიო თავისუფლება