“როცა სამშობლოზე ბრაზობ შენი ბრალია სამშობლოსი?” -წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და დასძენს, რომ თუ ქვეყნის მიმართ შენი გრძნობა და ემოცია გულწრფელი არაა, მაშინ პრობლემა შენივე გაუხეშებულ სულშია: სად გადის ზღვარი გაუცნობიერებელ პათეტიკასა და ცინიკურ პრაგმატიზმს შორის, როცა სამშობლოზე საუბრობ? ან როცა სამშობლოზე ბრაზობ და გულარძნილი ხარ, შენი ბრალია თუ სამშობლოსი?… საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლიზაცია ჩემთვის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა სახლში, პლასტმასის ფერადი ნატეხებისაგან სამფერი დროშა ავაწყვე და მკერდზე მივიმაგრე. კაი ხანი გაფხორილი დავდიოდი იმ თვითნაკეთი სამკერდე ნიშნით … მერე მოვიდა შავბნელი 90-იანები და უცებ გაიცრიცა და გაუჩინარდა ჩემთვის სამშობლოს სიმბოლო; ვერაფერთან დავაკავშირე მაშინ, რადგან თვალებში პირში სიგარეტგარჭობილი, დუბლიონკამოგდებული, ჩახლეჩილხმიანი და მხარზე თოხივით კალაშნიკოვგადებული შავბნელი ტიპაჟები მებლანდებოდნენ. …პირველი სამხედრო აღლუმი რომ ჩატარდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, თბილისში ვიყავი შვებულებით. ჩემი უმცროსი შვილი ( 3-4 წლის იქნებოდა მაშინ) მთელი აღლუმის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა ტელევიზორის წინ, ცალი ხელით სათამაშო ავტომატი ჰქონდა ჩაბღუჯული და მეორე კი საფეთქელთან მიტანილი, სამხედრო სალუტის ნიშნად. ჯერ ღიმილით ვუცქერდი, მერე ყელში ბურთი მომაწვა და თვალები რომ დამემალა, ოთახიდან გავედი … … ანწუხელიძის მოწამეობრივი, გმირული სიკვდილის კადრებს რომ ვუცქირე პირველად, მერე გავაცნობიერე თუ როგორ იზრდებიან ის ბიჭები, საკუთარი ქვეყნის სიმბოლოზე ფეხის დაბიჯებას რომ სიკვდილს არჩევენ და ისევ დამახრჩო იმ ოხერმა ბურთმა … … დროშა, ჰიმნი, ჯარი, … – ეს სახელმწიფო სიმბოლოებია. ამ სიმბოლოებში განსხეულდება ჩვენთვის ჩვენი სამშობლო; ასე გადმოდის ჩვენში ადგილის დედის სული და სითბო და ასე ვუერთდებით მას ჩვენც, სადაც არ უნდა ვიყოთ, დედამიწის რომელ კუთხეშიც. სამშობლო რომ შეიგრძნო, ხანდახან მაინც უნდა დადგე ფეხზე ამაყად, გული ხელზე დაიდო და გაჯგიმულმა მოუსმინო იმ ერთ სიმღერას, ყველამ რომ იცის და ყველა რომ ფეხზე უდგება პატივისცემის ნიშნად. რატომ იცით?.. იმიტომ, რომ თუ მაშინ მაინც არ აგიდუღდა სისხლი ძარღვებში, მაშინ მაინც არ აგიფრიალდა გული გაუცნობიერებელი სიამაყით და მაშინ არ მოგაწვა ყელში ბურთი უცნაურად საცნაური გულის აჩუყებით, მაშინ შენც მკვდარი ხარ შინაგანად და შენი სამშობლოს მომავალიც მკვდარია. ხანდახან არ სჭირდება პათეტიკას გაცნობიერება. არ სჭირდება, რადგან პირველყოფილია, გულწრფელი. უბრალოდ უნდა გიყვარდეს და თუ ვერ ახერხებ, პრობლემა შენშია, შენივე გაუხეშებულ სულში”.-წერს ზურაბ გურული.