“სამი თვე დარჩა და საქართველოს აქვს ისტორიული, პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები” – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “დღის ამბების” ეთერში გააკეთა.
“ერთიანობის” ლიდერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმები არ გააყალბოს.
”სამი თვე დარჩა და საქართველოს აქვს ისტორიული, პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები, საით წავა, ევროპისკენ, პროგრესისკენ, კეთილდღეობისკენ, თუ ინფლაციისკენ, სიღარიბისკენ და რუსული ჭაობისკენ. ამ პრინციპული გადაწყვეტილების დროს, ჩვენ იმედი გაქვს, რომ ხალხისა და ოპოზიციის სპექტრის გაერთიანებით მივაღწევთ დიდ გამარჯვებას, რაც მიგვიყვანს ევროპამდე, დაჩქარებული წესით შეგვიყვანს და გაგვხდის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრს, რასაც მოაქვს მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება, ინვესტიციები. ეს არის მომავალი. ოპოზიციამ მეტი მოლოდინი უნდა შეუქმნას ამომრჩეველს”, – ამბობს ცისკარიშვილი.