“ხელისუფლება კლანის მძევალია” – პრეზიდენტი

კლანი ასე უტიფრად არასდროს მოქცეულა” – ასე აფასებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.

სალომე ზურაბიშვილი ღიად აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება “კლანის მძევალია“.

პრეზიდენტის თქმით, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანისა და “ქართული ოცნების” სინთეზმა ქვეყანა შესაძლოა, დიდი საშიშროების წინაშე დააყენოს.

”კლანი ასე უტიფრად არასდროს მოქცეულა, როგორც მოიქცა ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატურის წარდგენაზე, სადაც, პრაქტიკულად, კლანმა მიიღო გადაწყვეტილება, სანამ ხელისუფლება მიიღებდა. ალბათ, ხელისუფლება მიყვებოდა, მაგრამ კლანის აკრძალვა იყო, რომ არა ვეტინგს, არა რაიმე გადახედვას იმ მოსამართლეების, რომლებიც არსებობენ სისტემაში. ანუ, თავიანთი თავის დაცვა და ამისი ბრძანება მისცეს ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც დღეს უკვე კლანის მძევალია. არამხოლოდ კლანთან ერთად შეხმატკბილებული, არამედ მათი მძევალი და ეს არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის და ამიტომ დროზე უნდა შეიცვალოს ეს კლანი, ამისი მეთოდი არის ჩაწერილი ქარტიაში”, – ამბობს პრეზიდენტი.

კახა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ განჩინება გადასცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ არამოსამართლე წევრად დანიშნული კადრი განხილვებში როგორც მხარე, ისე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. “პირველებმა” მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? – საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. “პირველების” ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, “პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად” აფასებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share