“რა უფლება აქვს პრემიერს თქვას, რომ ოკუპაცია არის მოცემულობა” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ფაქტობრივი მოცემულობაა.
ამასთან, პრეზიდენტი გაკვირვებას გამოხატავს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების უმოქმედობაზე და აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი რიტორიკა არასდროს უნახავს.
”კიდევ უფრო აღმაშფოთებელი არის პრემიერის სიტყვები ბოლო პერიოდში, თურმე ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მოცემულობა. მე ასეთი განცხადება არავისგან ქართულ პოლიტიკაში, არცერთი პარტიიდან ამდენი წლის მანძილზე არასოდეს არ გამიგია და მიკვრის, რომ მეტი რეაგირება ამას არ მოჰყვა. რა უფლება აქვს ქვეყნის პრემიერს, რომ თქვას, რომ ეს სიტუაცია არის მოცემულობა”, – ამბობს პრეზიდენტი.