“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ოცნების“ დღევანდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ “ეს ყველაფერი (ხელისუფლების წარმომადგენლებს) არჩევნების მოსაგებად და თავის გადასარჩენად სჭირდებათ“.
როგორც დოლიძემ “ტვ პირველის ეთერში“ განმარტა, ომის დანაშაულების გამოძიება ჰააგის სასამართლოში უკვე მიმდინარეობს და ნებისმიერ სიახლეს კომპეტენტური პირები თავად შეატყობინებენ.
”ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს ომის დანაშაულების გამოძიება, რა ველოსიპედს იგონებს “ოცნება“. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან, არაფერი გაუკეთებიათ. ჰააგაში მიმდინარე პროცესზე პასუხისგებაში მისცეს 3 ადამიანი, რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც დაადანაშაულეს ომის დანაშაულებში, ეს პროცესი მიმდინარეობს და რამე რომ იყოს, ამას ჩვენ კომპეტენტური და ობიექტური ხალხიდან, ჰააგიდან გავიგებთ.
“ოცნების“ დღევანდელი ოპერაციის დასახლება არის, ყველაფრის ფასად მოვიგოთ არჩევნები, ისევ ზიზღი, შურისძიება და დაბრალება, ოღონდ ესენი რაღაცნაირად გადარჩნენ“, – განაცხადა დოლიძემ.
რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას “საჯარო გასამართლებით” ემუქრება – “ქართული ოცნება” ისევ ამტკიცებს, რომ ომი “8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო”.
“ქართული ოცნება” რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
“ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება”,- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა.