უკრაინა კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და ევაკუაციის დერეფნების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინული ძალები საერთაშორისო კონვენციებსა და ჰუმანიტარულ სამართალს მტკიცედ იცავენ.
“ჩვენი სამხედრო გეგმაა, გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის მიმართულებით”, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე.
ოფიციალური პირების ცნობით, კიევს სურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროსა და წითელ ჯვარს კურსკის რეგიონთან წვდომა ჰქონდეთ.
უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით კი, ბუფერულ ზონაში საკვები, მედიკამენტები და ყველა საჭირო ნივთი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.