საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, – წერს შსს
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. დეპუტატს ძალოვანებები დაუპირისპირდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან აგრესია და ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი შეეცადა გაერკვია, რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვანები მის ავტოფარეხთან.
მანამდე ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ “ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე”.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 სექტემბერს, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, “ოცნებასთან” დაახლოებული პირები ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.