მომღერალი ოთო ნემსაძე „ჯეოსტარი 2010-ში“ გამარჯვების შემდეგ უკრაინულ „ახალ ხმაში“ მონაწილეობდა. მაშინ უკრაინული ენაც შეისწავლა, ხალხიც შეუყვარდა და ქვეყანაც. ალბათ ამიტომ, ახლა ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მის ქვეყანაშიცაა ომი, რომ ჩვენც გვესხმიან თავს და ჩვენც გვკლავენ. მალე გამოვა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეორგოლი, რომელიც ჯგუფთან ერთად ჩაიწერა. ამის შესახებ ოთო ნემსაძემ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:
“მე არ ჩამიდენია საგმირო საქმეები, მაგრამ მგონია, ყველა ქართველს შეუძლია. ჩვენი ისტორია ხომ ამის არაერთ მაგალითს გვინახავს, გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. სისხლში გვაქვს, რომ ნებისმიერ დროს, სიცოცხლის ფასად, ოჯახი, სამშობლო და ღირსება დავიცვათ. არ ვართ მხდალები, თუმცა არც იმ აზრს ვიზიარებ, ქართველები ყველაზე მაგრები ვართო, რომ გაიძახიან. ჩვენი უბედურება, იცით, რაშია? – მშვიდობის დროს არ ვიცით ერთმანეთის სიყვარული, თორემ თუ გაჭირდა, ერთმანეთს გვერდში ისე დავუდგებით, ყველას შეშურდება! არ მეგულება არც ერთი სხვა ერი, რომელიც ამას შეძლებს.
ომი საშინელებაა და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან და სხვა გზას არ გიტოვებენ, გარდაუვალია. ასე ხდებოდა საქართველოში და ასე ხდება დღეს უკრაინაშიც. მე არ მჯერა, რომ ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა შეებრძოლო, ამ შემთხვევაში ბოროტება ბოროტებითვე უნდა დაამარცხო. მთელმა მსოფლიომ უნდა დავსაჯოთ ეს ბოროტების იმპერია.
მოღალატე ყოველთვის მოღალატე იქნება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უმნიშვნელო რამ ეშლებათ და ამას პატიობ. ღალატი რომ ცუდია, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ქვეყნის ღალატი უპატიებელია. ამბობენ, ქვეყნის მოღალატეს დამმარხველიც არ უნდა ჰყავდესო. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი იცის ასეთი… ჩემთვისაც უღალატიათ და მეორე შანსი აღარ მიმიცია მათთვის, არასოდეს! იმდენად მტკივნეულია, რომ საერთოდ აღარ გინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა.” – ამბობს ოთო ნემსაძე.