დიდ სამოქალაქო თანხმობამდე, საჩხუბრად, კიდევ ერთი მიზეზი მოგვეცა: მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე შერიგებისა და დეპოლარიზაციის ახალი ინიციატივა დააანონსა, ახლა იმაზე ვდაობთ – შევრიგდეთ თუ არა. ჯერჯერობით ინიციატივის დეტალები არ ვიცით, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, საყოველთაო შერიგების იდეას ოცნება ოპოზიციისა და მე-3 პრეზიდენტისგან გასხვავებით დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, ისიც ცხადი ხდება, რომ ქართული პოლიტიკის დეპოლარიზაცია და ახალი ერის დაწყება მხოლოდ ხელისუფლების იძულების შედეგად თუ გახდება შესაძლებელი.
“პოლიტიკა შესაძლებელის ხელოვნებაა” – ეს სიტყვები გერმანიის პირველ კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს ეკუთვნის, რომელიც ამბობდა, რომ ეფექტური ლიდერი მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრისას არა სასურველი, არამედ ობიექტური რეალობით, პოლიტიკურ ველზე ძალთა თანაფარდობით და რაც მთავარია, მასების მზაობის ხარისხით უნდა ხელმძღვანელობდესო.
საინტერესოა დღეს რითი ხელმძღვანელობს ქართული ოპოზიცია, როდესაც ამოცანად – მასობრივი პროტესტის ფონზე ახალ არჩევნებამდე მისვლა და ოცნების ხელისუფლების შეცვლა აქვს დასახული. უფრო ალბათ სასურველით, რადგან თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ დავინახავთ, რომ დღევანდელი ობიექტური რეალობა ასეთია: საზოგადოებრივი პროტესტის მუხტმა და ინტენსივობამ ჯერჯერობით იმ სიმწვავეს და მასშტაბს ვერ მიაღწია, რომ ხელისუფლებას შეეშინდეს, ან მართვის სადავეები დაკარგოს; ვერც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და ციხეში ჩაჯდომამ ჩამოშალა ქართული ოცნება, როგორც ამას ზოგიერთები ელოდნენ; და არც საერთაშორისო შეფასებები და რაც მთავარია ქმედებებია იმდენად მწვავე, რომ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობა სრულად ეჭვქვეშ დადგეს;
ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა ის, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც არჩევნების დასასრულს ერთგვარ “სპრინტს” წააგავდა და რამდენიმე მონაკვეთზე ოპოზიციამ მოუგო კიდეც ქართულ ოცნებას, კვლავ “მარათონად” აქცია. ყველაფერი: საპროტესტო აქციები, სააკაშვილის პატიმრობა და სასამართლო პროცესი, საკრებულოებში გაჩაღებული ხელჩართული დაპირისპირება თუ პოლიტიკური ბატალიები – მმართველმა ძალამ ერთ ჩვეულებრივ, გაწელილ, თითქოსდა ხალხისთვის უინტერესო პროცესად გარდაქმნა, სადაც ივანიშვილსა და ოცნებას ნამდვილად აქვს უპირატესობა: ფულიც მათ ხელშია და ადმინისტრაციული რესურსიც. აშკარად ვხედავთ, რომ დიდ ქალაქებში თითქმის წაგებული არჩევნების შემდეგ, დაშინების, ძალადობის თუ მოსყიდვის საშუალებით, ნელ-ნელა როგორ ცვლის ხელისუფლება საკრებულოებში ციფრებს და რაც მთავარია რეალურ თანაფარდობას. ოპოზიცია კი თითქოს მხოლოდ დასახული ამოცანის ამარა დარჩა, რომლის მიღწევის ბერკეტებიც, ინიციატივასთან ერთად ხელიდან ეცლება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურ ერთობას თავი რომ დავანებოთ, ნაცმოძრაობასაც კი არ აქვს მოქმედების ერთიანი სტრატეგია: პარლამენტში ის კვლავაც არის წარმოდგენილი, თუმცა ფაქტობრივად არ აქტიურობს; საკრებულოებში იბრძვის, თუმცა ზოგან ბოიკოტს მიმართავს, ზოგან კი გახარიას პარტიის წევრებთან შეთანხმებას ცდილობს. ამასობაში საპროტესტო მუხტი იკლებს და სააკაშვილის პატიმრობა და სასამართლო პროცესებიც პოლიტიკურ დღის წესრიგზე სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს.
ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, თამაშში დაბრუნება და ხელისუფლებისთვის კვლავაც პოლიტიკური დღისწესრიგის კარნახია, რისთვისაც ოპოზიცია, პირველ რიგში ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე უნდა ჩამოყალიბდეს. გადაწყვიტოს: მიდის საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის ანუ სრული ბოიკოტის, თუ გაყალბებული და უსამართლო არჩევნების შედეგად მოპოვებული სისტემური ბერკეტების გამოყენების გზით. თუ ოპოზიციის ლიდერები საკრებულოებში იბრძვიან, მაშინ იგივე უნდა გაკეთდეს ცენტრალურ დონეზე, ანუ პარლამენტშიც. საჭიროა შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და სიღრმისეული და მწვავე განხილვის პროცესად იქცეს არაერთი მტკივნეული საკითხი და ჩადენილი დანაშაული: იქნება ეს კოვიდის უკიდურესად არაეფექტური მართვა, რის შედეგადაც ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა; არჩევნებამდე და მის შემდეგ ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რამაც ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალ ნებაზე და საბოლოო შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა; ჟურნალისტების ცემის, შეურაცხყოფის თუ დისკრედიტაციის შემთხვევები, რამაც ხელისუფლების მხრიდან წახალისების ფონზე მასიური ხასიათი მიიღო; უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო თვალთვალი და მოსმენები, რასაც სუს-დან გაჟონილი ფაილები ადასტურებს; ან თუნდაც სააკაშვილის საქმე, მის მიმართ საპატიმრო დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობა, პატივისა და ღირსების შელახვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების აშკარა დარღვევა.
არსებობს ბრძოლის მეორე გზაც. ეს არის სრული ბოიკოტი ყველა დონეზე: ოპოზიციამ ბოლომდე უნდა დატოვოს ყველა არჩევითი ორგანო: პარლამენტიც, საკრებულოებიც და ქართული ოცნება ყველგან კეთროვანივით მარტო დატოვოს. გამოაცხადოს ეროვნული დაუმორჩილებლობა, აქცენტი კვლავაც ფართომასშტაბიან, ქუჩის აქციებზე გადაიტანოს და მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მწვავე, უწყვეტი პროტესტით შეეცადოს სახელმწიფო ორგანოების სრულ ფუნქციონალურ გამოფიტვას, რის შედეგადაც ქართული ოცნებისთვის ქვეყნის მართვა შეუძლებელი გახდება.
ბრძოლის ორივე გზა ერთნაირად მისაღები და ლეგიტიმურია, თუმცა არა ორივე ერთად. ოპოზიციამ რომელიმე მათგანი უნდა აირჩიოს იმის მიხედვით თუ რამდენად რეალისტურია საერთო ოპოზიციური თანხმობის მიღწევა და როგორია საზოგადოების მზაობა. შემდეგ კი – ერთიანი სტრატეგიის ნაწილად აქციოს, რომელსაც აუცილებლად ფონად უნდა გასდევდეს მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ბრძოლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ინტერესული მუშაობა. რადგან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შეთავაზებულ ეროვნული შერიგების იდეას, სამი პრეზიდენტის შეხვედრას თუ ზურაბიშვილის დაანონსებულ “პოლარიზაციის დასრულების ინკლუზიურ პროცესს”, წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ ექნება თუ ოპოზიციას, საზოგადოების უმრავლესობასთან და საერთაშორისო აქტორებთან ერთად ოცნების ხელისუფლება მუდმივი და ინტენსიური წნეხის ქვეშ ეყოლება.
ფორმულა