”ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში.
მე დღეს მონაწილეობა მივიღე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასვე ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია.
უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.
როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებელი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.”