„სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევნია იმუშაოს ქალაქში მშენებლობაზე, ვიდრე მოუაროს თხილის ბაღს“,- ამის შესახებ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა თხილის ხარისხია, თუმცა ფერმერების მხრიდან არ არის საკმარისი მზაობა, რომ პროდუქტი გააუმჯობესონ.
„მთავარი გამოწვევა არის თხილის ხარისხი, რაც ართულებს კომპანიების მუშაობას. გარდა ამისა, თხილის ქარხნებისთვის პრობლემაა საბრუნავი საშუალებების ხელმისაწვდომობა, თუმცა, მთავარი საკითხი მაინც პროდუქტის დაბალი ხარისხია.
ერთია არასათანადო მოვლა და მეორე, ფერმერს უღირს თუ არა თხილის ბაღის მოვლა. ვერ ვიტყვით, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან სახელმწიფო აძლევს სუბსიდიას, ამიტომ რესურსი იმის, რომ შესაწამლი სამუშაოები ჩაატაროს, არის. თუმცა მზაობა მისი გამოყენების არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
შეიძლება ერთი ფერმერი მონდომებული იყოს, მაგრამ თუ მის სამეზობლოშიც იმავეს არ აკეთებს სხვა ფერმერი, მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლა პრაქტიკულად უშედეგოა, თუ ის ტერიტორია მთლიანად არ არის მოცული. ასევე, ფიზიკური შრომის ანაზღაურება საკმაოდ გაზრდილია, დღეში 50 ლარიდან ზევით არის, ამიტომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევნია იმუშაოს ქალაქში მშენებლობაზე, ვიდრე მოუაროს თხილის ბაღს, საიდანაც მეტი შემოსვლის მიღებაა შესაძლებელი. მოტივაციები შეცვლილა, ამას ისიც ემატება, რომ მცირემიწიანია, 0.4 ჰექტარია თხილის ბაღის საშუალო ზომა“,- ამბობს ლევან ქარდავა.