“იმედის” მფლობელი და ოლიგარქის სასურველი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე საერთაშორისო გამოცემა “მედუზას” ობიექტივში. გამოცემამ მასზე ვრცელი საგამოძიებო სტატია მოამზადა და რუხაძის საქმიანობა შეისწავლა.
საშიში სესხები პენსიონერებისთვის „ლიბერთისგან“, ტელეკომპანია „იმედი“ მისი პროპაგანდით და ლონდონში დაფუძნებული ფირმა „ჰანიველ ფართნერს“, რომელიც თავის მხრივ ხმაურიან სასამართლო სკანდალშია გახვეული.
საქართველოში სამივე ეს მიმართულება ერთი ადამიანს ირაკლი რუხაძეს უკავშირდება. საერთაშორისო გამოცემა ღიად ამბობს, რომ ხელისუფლება რუხაძის სავარაუდო დანაშაულებზე თვალს ხუჭავს. “მედუზა” ინტერესდება ასობით ათასი ქართველი პენსიონერის ბედით, რომელთაც შესაძლოა ექსპლუატაციას სწორედ ლიბერთი ბანკი და მისი საბანკო პოლიტიკა უწევდეს.
“რუსეთის წიაღიდან წამოსული მილიარდერის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის ფერფლიდან აღმოცენებული კომპანია „ჰანიველ ფართნერს“ ბრალად ედება საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე „იმედზე“ კონტროლი. ეს ყველაფერი კი მმართველი პარტიის ხელახალი არჩევის კამპანიის გასაძლიერებლად ხდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ სანაცვლოდ ხელისუფლება თვალს ხუჭავს სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც გამოიხატება, სავარაუდოდ, ასობით ათასი ქართველი პენსიონერის ექსპლუატაციაში.” – ნათქვამია სტატიაში.
რეპორტაჟის ავტორი ინგლისელი გამომძიებელი ჟურნალისტი უილ ნილია. სტატია სასამართლო დოკუმენტებს, მედიის მონიტორინგის ანგარიშებისა და მსხვერპლთა ჩვენებებს ეყრდნობა. მასალაში წერია, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან ტელეკომპანიის ხელისუფლებაზე დამოკიდებულება გაღრმავდა. თავად ირაკლი რუხაძე, რომელიც იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ოლიგარქ ივანიშვილის პარტიას მხარს ღიად უჭერს.
ბრიტანელი ავტორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის სამმა ყოფილმა თანამოაზრემ, მათ შორის ირაკლი რუხაძემ, 2011 წელს ლონდონში დააფუძნა კომპანია “ჰანიველ ფართნერს“. მისი მიზანი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების დაბრუნება იყო. რამდენიმე წელიწადში ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი რუხაძემ კომპანიის ინტერესებს უღალატა და ე.წ. კომერციულ შეთქმულებაში ჩაერთო. ბრიტანულმა სასამართლომ რუხაძეს 173 მილიონის ანაზღაურება დააკისრა, რისი გადახდაც ჩვენი ინფორმაციით რუხაძემ უკვე დაიწყო.
რუხაძისა და მისი პარტნიორების კომპანიის “ჰანიველ ფართნერსის“ კიდევ ერთი აქტივია „ლიბერთი“ ბანკი. იმედის მსგავსად რუხაძე ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის. ამ ბანკს საქართველოში ყველა სახის პენსიისა და სოციალური დახმარების გაცემაზე აქვს მონოპოლია. „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ადვოკატი ქეთევან თურაზაშვილი ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს და მას ბრალს პენსიონერების სისტემატურ ექსპლუატაციაში სდებს ბრალს.
ადვოკატების განმარტებით, ლიბერთი ბანკის ყოფილი თანამშრომლები თავადაც აღიარებდნენ, რომ ჰქონდათ კონკრეტული დავალება. გაეცათ პენსიონერებზე რაც შეიძლება მეტი სესხი.
მოქალაქეთა სარჩელში მითითებული ბრალდებების ნამდვილობას ჩვენი რესპონდენტის, პენსიონერ ივანე ყულჯანიშვილის საქმეც ადასტურებს.
რატომ არაფერს აკეთებენ პენსიონერების დასაცავად ხელისუფლებაში – ეს კითხვა აქვთ ადვოკატებს. მათთვის ერთადერთი ახსნა „ლიბერთი ბანკისა” და „იმედის“ საერთო ხელმძღვანელობაშია. მაშინ, როდესაც სამთავრობო მედია „ქართულ ოცნების“ ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ ნარატივებს ამართლებს, ოლიგარქის გუნდი იძულებულია, რუხაძის ყველა სავარაუდო დანაშაულზე თვალი დახუჭოს.
მთავარი არხი