როგორ შევიდა გურია რუსეთის მფარველობაში ორჯერ და როგორ დაუფასდა მამია გურიელს „ერთგულება

1804 წლის ელაზნაურის შეთანხმების მიხედვით იმერეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა, შეთანხმება მოიცავდა გურიასაც როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილს. ამ დროს გურიაში ბრძოლა იყო გაჩაღებული ქაიხოსრო, ლევან და ვახტანგ გურიელებს შორის სამთავროს ტახტისათვის. ლევან გურიელი, რომლის საუფლისწულო მამულსაც საჯავახო წარმოადგენდა ამ ბრძოლაში იმერეთის მეფის მფარველობით სარგებლობდა და ასეთი ხერხით სოლომონი და ლევან გურიელი შეეცადნენ გურიის სამთავროს მფლობელობაზე თავიანთი ინტერესები დაეცვათ.
.
ქაიხოსრო და მამია გურიელები არ აღიარებდნენ ელაზნაურის შეთანხმებას და დაჟინებით ითხოვდნენ, რომ გურია ცალკე სუბიექტად შესულიყო რუსეთის მფარველობაში, ასევე ითხოვდნენ საჯავახოს დაბრუნებასაც. მამია გურიელის 1810 წლის 16 მარტის თხოვნის (Всеподданнейше прошение кн. Маміа Гуріели от 16-го марта 1810 года) საფუძველზე რუსეთის იმპერატორმა 1811 წლის 8 აპრილის Высочайшая Грамота გამოსცა, რომლის მიხედვითაც გურია შედიოდა რუსეთის მფარველობაში, ხოლო გურიის შიდა საქმეებში მმართველი გახლდათ გურიელი და მისი ეს უფლება მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო – «управлять народом Гуриельския земли с кротостию и правосудием».
.
თუმცა რუსეთის იმპერატორის ზემოხსენებულ წყალობამდე გურიელს მოთხოვეს სოლომონთან ბრძოლაში დახმარება და იმპერატორის წყალობამაც ერთ წელზე მეტი ამიტომაც დაიგვიანა. 1810 წლის 28 მარტს სოლომონი რუსეთთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩავიდა. მოლაპარაკების ნაცვლად სოლომონი დააპატიმრეს, თუმცა ტყვეობიდან სოლომონი გაიქცა და მაისის შუა რიცხვებამდე ცდილობდა რუსებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. მამია გურიელი რუსების წყალობის მოლოდინში იყო, რის გამოც თავისი ჯარით მონაწილება მიიღო სოლომონის განდევნაში. ყველაფერი ამის გამო მამია გურიელი მფარველობაში მიღების გარდა დააჯილდოვეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენითა და ხმალით, ასევე მიეცა გერბი.
.
ამის შემდეგ მამია გურიელმა რუსებს ერთგულება კიდევ ერთხელ იმერეთ გურიის 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყების დროსაც დაუმტკიცა, რისთვისაც ალექსანდრე პირველის 1821 წლის 23 იანვრის გრამოტით კიდევ ერთი ორდენი ოღონდ ამჯერად მეორე ხარისხის – „მოციქულთა სწორის მთავარ ვლადიმირის“ მიიღო, როგორც რუსეთის იმეპერატორის ალექსანდრე მე-2 აქტშია მითითებული ორდენი გადაეცა – „სამეგრელოსა და გურიაში მღელვარებს ბედნიერად დამთავრებისათვის“, ამ ბედნიერებას კი ნახევარი გურიის გადაწვა და თითქმის ყველა ციხესიმაგრების დანგრევა/აფეთქება მოყვა.
.
აქვე აღსანიშნავია, რომ მანამდე 1809 წელს მამია გურიელმა გურულების ჯარით მალთაყვაში თურქების დიდი ბანაკი გაანდგურა, რამაც რუსებს ფოთის დაკავების საშუალება მისცა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მამიამ რუსებს ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცა.
.
მიხედავად ყველაფრისა მამია გურიელის გარდაცვალების (1826 წელი) შემდეგ რუსებმა შეთანხმება დაარღვიეს, მთავრის ქვრივის დედოფალი სოფიოს და მემკვიდრის დავითის უფლებები უარყვეს. რასაც არ შეურიგდა გურიის სამხედრო არისტოკრატიის ნაწილი და რუსებთან დაპირისპირება დაიწყო. შედეგად რუსებმა 1828 წელს გურიის სამთავრო გააუქმეს, რის შემდეგაც იწყება მამია გურიელის ოჯახის მძიმე და ტრაგიკული ისტორია.
.
– მამია გურიელის 1810 წლის 16 მარტის თხოვნა (Всеподданнейше прошение кн. Маміа Гуріели от 16-го марта 1810 года)
– 1811 წლის 8 აპრილის Высочайшая Грамота
– რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I მიერ 1821 წლის 23 იანვრს გამოცემული აქტი
.
წყარო
– АКАК/II, 1868 г.; АКАК/IV, 1870 г.;
– Санкт-Петербургские ведомости 22.02.1821 г.
მოამზადა კახა ცავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share