ბიძაჩემიდან მე ასე მქონდა გაგონილი: მოთავენი აჯანყებისა ყოფილიყვნენ
დავით გუგუნავა და დავით გურიელი. გუგუნავა მოსულიყო ჩვენს სოფელში, ლეხოურში ჯარის შესაკრებად. ბიძაჩემი ედიშელი მაშინ 16 წლისა ყოფილიყო. ბიძაჩემს უამბნია, რომ აჯანყებისათვის მზადებას ორი კვირით ადრე შეუდგნენო ლეხოურში, და რომ ჯარის შეკრებას მეთაურობდაო ხოსო გოგორიშვილი.
.
მამაჩემი მაშინ კარდონის ნაჩალნიკი ყოფილიყო, ე. ი. მდინარე ჩოლოქის კარდონის მცველი. მეორე ჩვენი გვარის კაცი, ქაიხოსრო თაყაიშვილი, რუსის მთავრობის მოხელე იყო. მამაჩემი და ქაიხოსრო თაყაიშვილი შეგნებული წინააღმდეგნი ყოფილან აჯანყებისა და ამბობდნენ, ესენი ვერას გახდებიან და დიდი ზარალი მოუვა გურიასო; მაგრამ მათ არ უჯერებდნენ.
.
ბიძაჩემმა მითხრა: მზადება ჩვენს სოფელში იმითაც გამოიხატებოდა, რომ ჯვარს ზემოთ (ჯვარი ერქვა იმ ადგილს, სადაც ეკლესია იყო) აჭის წყლის სათავეში მიმავალი გზა შეკრეს, რამოდენიმე ხე აქა-იქ მოსჭრეს და მით გადახირეს გზაო. მამაჩემს უკითხავს: „რად ჩადიხართ ამ საქმეს?“ იმათ უპასუხიათ: „ამაზე რუსები ვერ გადავლენ“-ო; მამაჩემს კი უპასუხია: „რუსებმა კავკასიის მთები გადმოლახეს და თხმელას ხეები დააკავებს მათო?!“
.
ოზურგეთში გურიელების დროიდან დარჩენილი მაღალი ციხე იყო. ამ
ციხეში ბინადრობდა რუსის ჯარი და იქვე ჯართან ყოფილან როგორც რუსის
მოხელენი, ქაიხოსრო თაყაიშვილი და მამაჩემი – სიმონ თაყაიშვილი.
.
ბიძაჩემის თქმით, აჯანყებულთა შეტევის გეგმა ასეთი ყოფილა: დავით
გუგუნავას რაზმი უნდა მოსულიყო ნაგომრიდან, ხოლო დავით გურიელის – ლანჩხუთიდან. ეს იქნებოდა მემარჯვენე და მემარცხენე ფრთები შეტევისა.
.
ლეხოურლები და მაკვანეთლები აქედან უნდა ჩასულიყვნენ მდინარე ჟუჟის პირზე, გოგორიშვილის თაოსნობით. გოგორიშვილის რაზმი იქნებოდა მებრძოლთა ცენტრი.
.
აჯანყების დაწყების დროს დავით გუგუნავას და გოგორიშვილის რაზმები დროულად მოსულან თავ-თავიანთ ადგილზე, მაგრამ დავით გურიელის რაზმს რაღაცა მიზეზის გამო დაგვიანებოდა. მის მოსვლამდე შეტევა უკვე დაწყებული იყო, გოგორიშვილის რაზმს გადაელახა ჟუჟი და დაეკავებინა მაღლობი, რომელიც ოზურგეთის ციხის პირდაპირ იყო, ბაზრის წყლის მარცხენა ნაწილზე.
.
გოგორიშვილს მაღლობის წვერიდან ბიძაჩემი ერდიშელი გაეგზავნა ბაზრის
წყალთან ჩასასვლელად, სადაც იდგა ერთი ნაწილი მეამბოხეთა და მათ უნდა მოხმარებოდა. ეს ფერდობი ბაზრის წყლამდე საკმაოდ გრძელია. ბიძაჩემს ჩაურბენია ფერდობის შუა ნაწილამდის, მაგრამ იქ მოხვედრია კარტეჩი მუხლში და წაქცეულა, ფორთხვით ჩასულა ცოტა ქვემოთ, საცა ადგილი ცოტა ჩაღრმავებული იყო, და იქ ჩაწოლილა.
.
ბრძოლა გაგრძელებულა სამხრობის დრომდე (გურულად – ზარმელის
დრომდე). მამაჩემს და ქაიხოსრო თაყაიშვილს ციხიდან დაუნახავთ, როგორ ჩამოეშვა ერდიშელ თაყაიშვილი მაღლობის წვერიდან და როგორ დაეცა მიწაზე.
.
როდესაც სროლა გათავებულა, თურმე მათ გადასძახეს ციხიდან გოგორიშვილს: „ერდიშელი როგორ არისო?“ იმას პასუხი მიუცია: „ჯერ არ ვიცით, მკვდარია თუ ცოცხალიო“. ეს რომ გაუგონია, ბიძაჩემს დაუწყია ყვირილი: „ცოცხალი ვარ, ცოცხალი, არიქა მიშველეთო“. წასულა ქორივით გოგორიშვილი, შეუგდია მხარზე
ბიძაჩემი და აღმართზე ამოურბენია.
.
გოგორიშვილი დაუნახავთ რუსებს ციხიდან და აუტეხიათ სროლა, მაგრამ ვერ მოუხვედრებიათ ტყვია და ასე ამრიგად ამ გმირ გოგორიშვილს გადაურჩენია ბიძაჩემი. იგი წამოუყვანიათ მაშინვე სახლში, იქ
დოსტაქრებს კარტეჩი ამოუღიათ მუხლის თავიდან და მოურჩენიათ. მაგრამ მუხლის თავზე ნატყვიარისაგან ჩაღრმავებული ადგილი ბიძაჩემს კარგად აჩნდა.
.
შემდეგ გოგორიშვილი დაუჭერიათ რუსებს, ერთხანს სატუსაღოში
გაუჩერებიათ, მერე დახვრეტა მიუსაჯეს თურმე. ბიძაჩემმა მითხრა: „მე არაფერი ამბავი არ ვიცოდი და ერთ დღეს ოზურგეთში წავედი. ჟუჟზე რომ გავედი, დავინახე რუსის მთელ როტას მიჰყავდათ დასახვრეტად გოგორიშვილი.
.
აუარებელი ხალხი მისდევდა ჯარს. შევუერთდი მათ. პატიმარი ყვიროდა და აგინებდა მეფის მთავრობას. რომ დავინახე ჩემი გადამრჩენი, დავიწყე ტირილი და მივდევდი შორიახლო. მან შემომხედა და მითხრა: „რა გატირეს, ბიჭო, არავის არ შერჩება ჩვენი
სისხლი, დრო მოვა, გადაუხდიანო. მე ვაივაგლახით დავბრუნდი და მთელ კვირას ჭკუაზე არ მოვსულვარ, ისე მაწუხებდა მისი სიკვდილი“-ო.
.
ექვთიმე თაყაიშვილი – ფრაგმენტი წერილიდან “ეგნატე ნინოშვილი”
.
შალვა ძნელაძის ნახატი – იარაღის გადატანა აჯანყებულ გურულების მიერ
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა