როგორც “გურია თუდეი” ინფორმაციას ავრცელებს, ლანჩხუთის ქალთა გუნდის 7 ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს ევროპული გრანდები იწვევენ. საუბარია რამდენიმე სახელიან კლუბზე, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილი კატალონიის “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნია”.
მართალია, “გურიასა” და “ბავარიას” სუპერფინალს ვერ ვეღირსეთ, მაგრამ ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელებს შანსი ეძლევათ, სუპერფინალი გერმანული გრანდის შემადგენლობაში ითამაშონ. მართალია, “ბაიერნი” ქალებში ისეთი წარმატებული არაა, როგორც კაცებში, მაგრამ შანსი, რომ „გურიაზე“ მეტი აქვს, ევროპული სუპერფინალი ითამაშოს, ამას ყველა ხვდება.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისთვის იტალიაში იმყოფება “ლანჩხუთის” დამაარსებელი და სულისჩამდგმელი დურმიშხან ჩხაიძე. რატომ იტალია? ჯერ ერთი, ასევე ორ იტალიურ გუნდზეც არის საუბარი (“ნაპოლი, “ფიორენტინა”), თუმცა მთავარი ის არის, რომ აპენინის ნახევარკუნძულზე იმყოფება მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას “მილანში” დაბრუნების საკითხს აგვარებს. სწორედ, სკანდალურმა რაიოლამ გაჭრა გურული ციცების ევროპული გზა და ამიტომაც სასწრაფოდ გაფრინდა მასთან შესახვედრად დურმიშხან ჩხაიძე.
დაზუსტებული არაა, თუ რომელმა ფეხბურთელმა რომელ გრანდთან გააფორმა კონტრაქტი. რაც ვიცით ისაა, რომ გიორგი ჩხაიძე “ბარსელონას” გაწვრთნის, მასთან ერთად კატალონიაში მიდის “ლანჩხუთის” ლიდერი ხატია ჭყონია და ნინი ჩხარტიშვილი, რომელიც ბოლო თურქეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა. გავიგეთ ისიც, რომ კატალონიელები თანახმანი არიან, ჩხაიძემ კლუბთან ერთად საქართველოს ნაკრებში მუშაობაც გააგრძელოს.
წყარო – გურია თუდეი