ნოქრების „პროფკავშირი“ და საკვირაო „ბურთაობა“ ოზურგეთში

1902 წლიდან გურიაში სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები იმართებოდა, გურულები ითხოვდნენ ყველაფერს რისი მოთხოვნაც კი შეიძლებოდა. 1903 წელს ქალაქ ოზურგეთში მაღაზიებში გამყიდველად მომუშავე ნოქრების პროტესტი დაწყო, რომლებსაც მაღაზიის მეპატრონეებისათვის კვირაში ერთი დღე დასვენება მოუთხოვიათ.
.
ნოქრებსა და მაღაზიის მეპატრონეებს შორის დავა საბოლაო ჯამში 1904 წლის დასაწყისში ქუთაისის გუბერნატორის ალექსეი სმაგინის სავალდებულო დადგენილებით დამთავრდა, რომლითაც ნოქრების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათი დასვენების მიზნით ოზურგეთში არსებული ყველა მაღაზია იკეტებოდა „კვირა დღეს დილიდან შუადღის 12 საათამდე და ნაშუადღევის 4 საათიდან მეორე დღემდის“. როგორც ჩანს ამ საქმეს იმ დროისათვის გურიაში მომძლავრებული სოცდეკები უწევდნენ ორგანიზებას და ასევე ჩანს, რომ მათივე შემწეობით ნოქრებმა პროფკავშირის მსგავსი გაერთიანების შექმნა მოახერხეს და შედეგიც მიიღეს.
.
„როგორც იქმნა ოზურგეთელ ნოქრებს ეღირსათ დასვენება კვირაობით: იმათმა თხოვნამ გასჭრა და სავალდებულო დადგენილება ამ საგანზე გამოცემული გუბერნატორის მიერ სისრულეში მოყავთ აგერ სამი თვეა. მაღაზიების დაკეტვამ, ცოტა არ იყოს, ზოგიერთი ჩვენი ვაჭრები (უმეტესად ჩარჩები და მევახშეები) დააფიქრა და დააღონა, მაგრამ ვერას გახდნენ.“ წერდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“.
.
მაღაზიების დაკეტვას და ოზურგეთის მთავარი სავაჭრო მოედნის „საპარასკევოს“ გამოთავისუფლება მოყვა, მოედნის გათავისუფლებას კი თავის მხრივ საკვირაო ბურთის თამაში გამართვა, რომელზეც აუარება ხალხი იკრიბებოდა. – „მაღაზიების დაკეტვას თან მოყვა ბურთის თამაში: ყოველ კვირა დღეს აუარება ხალხი იკრიბება ბაზარში და ჰმართავს „ბურთაობას“ ან-კი რა ჰქნან სხვა გასართობს მოკლებულნი არიან“.
.
მასალა აღებულია – გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი 20 მარტი #2444
შეიძლება იყოს 3 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share