ვართ ერთადერთი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მარტო ამათ შესაცვლელად კი არ ვიბრძვით, გვაქვს მკაფიო გეგმა და ზუსტად ვიცით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მიმართულებით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს მშვიდობიანი და მდიდარი , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა ამომრჩევლებთან აღნიშნა, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფო გვქონოდა, ახლა კი, ელისაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამდიდრების, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.
“ძალიან მაგრად მოგესალმებით ჩემო აჭარლებო, გამორჩეულო ქართველებო. ამ აფერისტებს და გადამგდებებს, 12 წელია რომ ყველაფერში გადაგვაგდეს და ყველაფერში მოგვატყუეს, ჩვენ ვგონივართ „ბლაყვები”, და 26 ოქტომბერს ამათ უნდა ვაჩვენოთ „ბლაყვი” ვინ არის, უნდა დავტოვოთ გაღიმებულები. მოდით გავიხსენოთ, რამდენს გვაქვს გრძელვადიანი უფასო ფული, ივანიშვილი რომ გვპირდებოდა? რომელ სოფელს დაახარჯეს ხუთი მილიონი? ან ვინ მუშაობთ ამათი აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? გაზი, წყალი, ელექტროენერგია ვის გაქვთ უფასოდ? რომელი ქართული სოფელი ააღორძინეს მილიარდიანი ფონდიდან? ამ ყველაფერს ხომ ის ქოსატყუილა კაცი გვპირდებოდა? ამათ მართლა „ბლაყვები” ვგონივართ, ქართველებს რასაც მინდა იმას დავაჯერებო, ხომ თქვა ივანიშვილმა? ხო და, ამათ უნდა ვაჩვენოთ სეირი 12 დღეში, ის ბნელი მექრთამე ანგელოზები უნდა დავუფრთხოთ ამ თაღლითებს.