ჯგუფი “მგზავრები” თბილისის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაზე აღარ იმღერებს. საქმე 20 ოქტომბერს დაანონსებულ კონცერტს ეხება, რომელიც ხელისუფლებამ ევროპული მარშის პარალელურად დაგეგმა. “საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ამ სიტყვებით ხსნის საკუთარ გადაწყვეტილებას ჯგუფი “მგზავრები”.
მომღერლების გადაწყვეტილებას კახი კალაძეს მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში მერიამ განაცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ “მგზავრებმა” “ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს” ვერ გაუძლეს. თავის მხრივ მერიის ამ განცხადებას სოციალური ქსელითვე უპასუხეს “მგზავრებმა” და კალაძის უწყებას განუმარტეს, რომ “არ არსებობს “ლიბერალური ფაშიზმის” და არსებობს “სწორი და არასწორი პოზიცია”.
“პირველები” დაინტერესდა, რატომ ჩანიშნა მერიამ კონცერტი მაინც და მაინც იმ დღეს, როცა ქვეყანაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მასშტაბური მარში იყო დაანონსებული. მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ კითხვის ადრესატი ის არ არის.
ყველაფერს მაქვს პასუხი, მაგრამ მე რატომ მისვამ ამ შეკითხვას? აქ სხვა უფრო საინტერესოს ვერაფერს ხედავთ?, – ამბობს მერის მოადგილე.
ამის შემდეგ “პირველებმა” იგივე კითხვა დეპუტატებს დაუსვა.
არჩევნების შემდეგ ველით გარკვეულ აქტივობებს ოპოზიციის მხრიდან და ოდესმე ხომ უნდა გაგვეხსნა და ვხსნით 20-ში, რა არის ამაში ცუდი? რამეს ხომ არ ვაშავებთ?, – ამბობს ბექა დავითულიანი.გამიკვირდა არა, როცა მანამდე სხვაგან მღერი და პრობლემა არ გაქვს და ამ დღეს მაინც და მაინც გამოხვალ და იტყვი, რომ “არა”… აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში რომ მღერი და მერე გამოხვალ და იტყვი, რომ არა, აქ სიმღერა არ შეიძლება, ცოტა სასაცილოა. მე ისიც მახსოვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რომ მღეროდნენ, მაგრამ ამ პოზიციის მქონე ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური პრობლემა არ ჰქონია, მერიის ღონისძებაზე, პარკის გახსნაზე არ ვიმღერებ, ეს ცოტა სასაცილოა, – ამბობს ბექა დავითულიანი.
მომღერალი გიორგი უშკიშვილი ამბობს, რომ ყველას, ვისთისა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, 20 ოქტომბრის მასშტაბურ მარშს უნდა შეუერთდეს.
ვისთვისაც სამშობლოა მნიშვნელოვანი და ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ევროპისკენ, ყველა ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს 20-ში და დადგეს თბილისის ქუჩებში, იმიტომ, რომ ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ მთელ ევროპას და მთელ მსოფლიოს, რომ ჩენ გვინდა ვიყოთ სწორედ მათი ოჯახის წევრი, – ამბობს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”