კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მთავარ პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს .
როგორც კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გამარჯვებისთანავე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გახსნის.
ამასთან, მისივე თქმით, კოალიციის პროგრამა აგებულია “თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე”.
ბოკუჩავას თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი შემდეგ რეფორმებს გაატარებენ:
“ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გპირდებით, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, საქართველოს მიეცემა მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
ჩვენი პროგრამა აგებულია თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება თამაშობს ხელშემწყობ როლს და არა ხელშემშლელ როლს, როგორც ახლა ივანიშვილის პირობებშია, როდესაც ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და მხოლოდ მისი კლანების ინტერესებზე. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდ ევროს საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის.
ჩვენი შემდეგი დაპირება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, არის საპენსიო სესხების განულება. გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადებში ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც აუცილებლად მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ფასების მაფიის დასრულება, რადგან ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად და ეს განაპირობებს სწორედ იმ კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, რომელსაც ვეღარ უმკლავდებიან საქართველოს მოქალაქეები. უმუშევრობის ფონზე ადამიანებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, ამიტომ ჩვენ შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი საქართველოში დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ ადამიანებს კეთილდღეობის შანსი”- თქვა ბოკუჩავამ.
პრეზენტაციის კიდევ ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის განვითარებასაც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდი ევრო მოხმარდება.
ვაშაძის თქმთ, ეს მიმართულებებია წარმოების განვითარება საქართველოში, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.