რა წერია საქართველოზე ევროკომისიის ანგარიშში

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მხრიდან ევროკავშირის გზიდან დაშორებაზეა საუბარი და კიდევ ერთხელ არის გამეორებული, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ხელახალი წარდგენისა და მოგვიანებით მიღების შემდეგ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო ნეგატიურად განვითარდა, რაც “არ ასახავს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ერთგულებას ევროკავშირის გზის მიმართ”.

ევროკომისიის ანგარიშში ნახსენებია მიმდინარე წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით უკუსვლას წარმოადგენდა. ანგარიშში ასევე ნახსენებია ევროპული საბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები “ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესს”.

“ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან [საქართველოს] შესაბამისობა მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ე.ი. 49%-ზე”. – წერია ანგარიშში.

ევროკომისია დემოკრატიის ნაწილში საქართველოსთან მიმართებით საუბრობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან საარჩევნო სისტემის ძირითადად შესაბამისობაში ყოფნის მიუხედავად, სისტემაში მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც არსებობს.

კონკრეტულად, ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის მაისში საარჩევნო კოდექსი კონსულტაციების გარეშე შესწორდა, ხოლო მიღებული შესწორებები “შესაბამისობაში არ არის არც ევროკომისიის რეკომენდაციებთან და არც ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის საერთო დასკვნებთან.

“საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ასპექტებში შეტანილი ბოლო ცვლილებები ზოგადად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს”. – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესში არსებულ სისუსტეებზე ცნობები, კერძოდ, საკანონმდებლო შესწორების შესახებ, ხმის ფარულობის ხშირი კომპრომისი, პროცედურული არათანმიმდევრულობები, ამომრჩევლების დაშინება და მათზე წნეხი, “ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რომელიც წინა ძირითად რეკომენდაციებში უკვე იყო ხაზგასმული”.

ევროკომისიის ანგარიშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია გაცხადებულ მიზნად რჩება, ბოლო წლის მანძილზე გატარებული რეფორმები და სხვა მოვლენები შეუსაბამობაში იყო ამ მიზანთან, ხოლო მთავრობის მხრიდან ევროკავშირის დღის წესრიგს “შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება” დაეთმო.

ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირთან მიმართებით საკუთარი განზრახვებისთვის სიცხადის შესამატებლად, საქართველოს ხელისუფლებამ გეზი უნდა შემოაბრუნოს, ხოლო ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები პროაქტიული კომუნიკაციით ჩაანაცვლოს.

ევროკომისიამ ასევე 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის წარდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროგრესიც მიმოიხილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share