ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნებზე მედიისთვის ხელის შეშლაზე წერს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სულ მცირე 15 შემთხვევა, რომელშიც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე განხორციელდა დაშინების მცდელობა და ხელს უშლიდნენ მუშაობაში.

განცხადებაში საუბარია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების დავით ჭაბაშვილისა და მარიამ წაქაძის, ასევე ტვ პირველის, მთავარი არხის, მთის ამბების, პუბლიკას და სხვა მედიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისში 49-ე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა მარიამ წაქაძე უბნიდან გააძევა და პირდაპირ ეთერში უცნობი პირი მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას ცდილობდა. ნათქვამია ისიც, რომ იმ მომენტში წაქაძემ პოლიციას მიმართა, თუმცა მათგან დახმარება არ მიუღია.

ასევე ნათქვამია, რომ ფორმულას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს კახეთში, არჩევნების გაშუქებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობმა პირმა მას უყვირა და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share