“რადიო თავისუფლების” ბლოგერი, ნიკო ნერგაძე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მეირ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებუკლ განცხადებას, ეხმაურება.
“რუსებმა კიევის მახლობლად ასობით მშვიდობიანი მოსახლე დახოცეს – ქალები, ბავშვები, მოხუცები, ყველა… ზუსტად რამდენი მოკლეს, ჯერ არავინ იცის. უკრაინა ამბობს, სხვაგან შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოსო. მარიუპოლიდან გამოტანილ ამბებს რომ წაიკითხავ, თვალებიდან სისხლი წამოგივა.
რუსები ამბობენ, უკრაინელები თავად ხოცავენ ხალხს და ქუჩაში ყრიანო.
ქართველმა პარლამენტარმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა კი ეს თქვა: „კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, უკრაინაში“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რამდენიმე კომენტარი წავიკითხე – ოხანაშვილმა ახსნას, რა თქვაო. მაგალითად, ხატია დეკანოიძე წერს, ველით კატეგორიულ განმარტებას: რას გულისხმობდა განცხადებაშიო.
განმარტა კიდეც: ეგ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილიო და, საერთოდაც, სხვა რამე მკითხესო.
ანრი ოხანაშვილს არაფერი აქვს განსამარტავი.
ორიდან ერთია:
ის ან შეგნებულად იმეორებს რუსული პროპაგანდის ცინიკურ, შემზარავ და არაადამიანურ სიყალბეს
და ან იმდენად წარმოუდგენლად, დაუჯერებლად, ამაზრზენად უტაქტოა, რომ აი, ამ დროს „გვამების შემოდებას“ ახსენებს.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა იგულისხმა ანრი ოხანაშვილმა. მთავარია რა თქვა. და მან თქვა, ნაციონალები უკრაინელებს გვამების შემოდებას ასწავლიანო.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იდგა ანრი ოხანაშვილის უკან – ლავროვი, ვინმე ნაციონალი თუ არავინ.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა წონის ფიგურაა და რას წარმოადგენს ანრი ოხანაშვილი. პარლამენტარია. მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახეა. ჰალსტუხი უკეთია და დროდადრო ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდება.
ადამიანი, რომელიც ბუჩის და ირპენის ფოტოებს ნახავს, იქაურ ამბებს წაიკითხავს და მერე რამე კონტექსტში მაგ სიტყვებს იტყვის, არ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება საქართველოს რაიმე ფორმით წარმოადგენდეს.
რანაირად შეიძლება, რომ ამ სიტყვების შემდეგ ანრი ოხანაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს?
აღარავინ აღარაფერზე აგებს პასუხს?”, – წერს ნერგაძე ბლოგში, “რადიო თავისუფლების” გვერდზე.