საქართველოს საფონდო ბირჟა, პრაქტიკულად, მკვდარია

საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქტიურობა თითქმის არ არის. ქვეყანაში ფასიანი ქაღალდები პოპულარობით ვერ სარგებლობს, ამის ინტერესი არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს არ გააჩნიათა, რაც შედეგებითაც დასტურდება. მაგალითად, მთელი აგვისტოს განმავლობაში ქვეყნის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ერთი გარიგება შედგა.

აგვისტოს თვეში შემდგარი გარიგება „ლიბერთი ბანკს” უკავშირდება და მისი მოცულობა მხოლოდ 285 ლარს შეადგენს. აღნიშნული თვის განმავლობაში დაფიქსირებული ერთადერთი ტრანზაქციის წყალობით, ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ 12 ლარს მიაღწია, რაც გასული თვეების მაჩვენებლებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ივნისსა და ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა. მაისის თვეში კი, ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 3490 ლარი შეადგინა, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა. „ლიბერთი ბანკს” უკავშირდება მაშინდელი განხორციელებული ორივე ტრანზაქცია. გასული 5 თვის აღნიშული მონაცემები კი იმას ნიშნავს, რომ ბირჟა, პრაქტიკულად, არ ფუნქციობს.

როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, საქართველოს საფონდო ბირჟაძე რეალურად გარიგება არ ხდება, რაც, პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია.

„ამაზე მარტივი პასუხი უბრალოდ არ გვაქვს. საქმე იმაშია, რომ ერთი პერიოდი საქართველოს საფონდო ბირჟა ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ კანონმდებლობაში მოხდა ცვლილებები, რის მერეც განვითარება პრაქტიკულად შეფერხდა, ბოლოს კი გარიგება საერთოდ ნულამდე დავიდა. რეალურად, საფონდო გარიგება არ ხდება, რაც, პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია. საკანონმდებლო ცვლილებებს კი მხარს უჭერდნენ დიდი ბანკები, ანუ პრაქტიკულად ბანკები ხედავენ ბირჟაში საკუთარ კონკურეტნს, რადგან თუ განვითარდება მეორადი ბაზარი მაშინ, ინვესტორებს და იმ ხალხს, ვისაც ფულის დეფიციტი აქვს, უჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, რომ თავიანთი ფული დააბანდონ, ბანკების გვერდის ავლით მოიზიდონ ფინანსები.

პრაქტიკულად, საფონდო ბირჟის საკონტროლო პაკეტს ფლობს რამდენიმე ბანკი, რომელთა ინტერესშიც არ შედის ბირჟის აქტიური საქმიანობა. ეს არის მთელი პრობლემა და საკითხი უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტროს მხარში დგომით”, – განუცხადა გოჩა თუთბერიძემ „რეზონანსს”.

აღსაღნიშნავია, რომ 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვისაც დამახასიათებელი იყო. 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი იმ გზებზე საურბობს, რაც საქართველოს საფონდო ბირჟას განავითარებას და პოპოლალურს გახდის.

„საფონდო ბირჟების განვითარებას სჭირდება კორპორაციები, ტრანსფარენტულობა და მენტალიტეტი. ეს ყველაფერი თავის დროზე არ გვქონდა და ამჟამად ფორმირების ეტაპზეა. მეორეს მხრივ, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ყველასათვის უნდა იყოს მისაზიდი და განსაკუთრებით უცხოელებისთვის, ვინც შეეცდება აქ გარკვეული საკუთრება შეიძინოს და თავიანთი კაპიტალი დააბანდოს, მაგრამ რამდენადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი დახურულია, მთელს მსოფლიოში პაქტობრივად, შესაბამისად, განვითარებას არც ველოდით. ამჯერად ბევრგან ცოცხლდება ეს პროცესი და ის, რომ გარიგება დგება, უკვე პროგრესის მანიშნებელია, თუმცა მისი წილი ძალიან დაბალია მთლიან შიდა პროდუქტსში. შესაბამისად, ეს იმას ნიშნას, რომ ინვესტირების რესურსი არ გამოიყენება ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, ეკონომიაც არ არის ისეთი წარმატებული და წარმტაცი, როგორიც შეგვიძლია რომ იყოს”, – განუცხადა „რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია ქვეყანაში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია – გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს და მისი მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share