კულტურის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც სპორტის სასახლეში უკრაინის მხარდამჭერი რუსი არტისტების კონცერტების გაუქმებას ეხება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ძველი სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა და კონცერტების ჩატარების საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება.
“რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.
აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
კომპანია biletebi.ge აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რუს შემსრულებლებს საქართველოში კონცერტების გამართვაზე კერძო დარბაზების მფლობელებმა უარი მოულოდნელად უთხრეს. კომპანია ვარაუდობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
კომპანია აცხადებს, რომ ამ კონცერტებზე უკვე ათასობით ბილეთია გაყიდული, უარის ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, თუმცა მათი აზრით, ნამდვილი მიზეზი პოლიტიკურია.