რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის საკამათო საქართველოში. ზოგისთვის ის “ერთმორწმუნე მეზობელია”, ბევრისთვის ‘ დიდი სახელმწიფო, რომელსაც, უფრო ბაბაია უნდა დაუძახო, ვიდრე ულტიმატუმის ენით ესაუბრო”, უფრო ბევრისთვის კი ოკუპანტი და საშიში მეზობელია, რომელიც მუდმივად ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დარტყმა მიეყენებინა.
ურთიერთგამომრიცხავია შეფასებები ხელოვნების წრის წარმომადგენლებში, როცა ერთი ნაწილი ამართლებს ოკუპანტის ქვეყანაში გასტროლების გამართვას და ამას იმით ხსნის, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მეორე ნაწილი კი, კატეგორიულად ემიჯნება აღნიშნულ აზრს და მიიჩნევს, რომ ოკუპანტთან კეკლუცობა სრულიად მიუღებელია.
მათ შორისაა, რეჟისორი კახა გოგიძეც:
“- მე რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ. მნიშვნელობა არა აქვს, კულტურული იქნება, ეკონომიკური თუ სხვა რამ. საუბედუროდ, მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს მიაბეს და თუ რუსები გადაწყვეტენ, რომ საზღვარი ჩაკეტონ, უარესად გავღატაკდებით. ტურიზმის მიბმაც არ შეიძლებოდა რუსეთზე. რატომ? – ერთ “მშვენიერ” დღეს პუტინი აუკრძალავს ტურისტებს აქ შემოსვლას და ჩვენი ეკონომიკა მაშინვე ჩამოიშლება. იმის გამო, რომ პროდუქცია რუსეთში ვეღარ გაიტანეს, გლეხობა გაღარიბდა. მოკლედ, რუსეთი თუ მოინდომებს, ყველაფერს იარაღად აქცევს. ისე გადაგვაჯიშეს, მარტო სახელები და გვარები გვაქვს ქართული. საქართველოშიც რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს – დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, ისინი ბრაზდებიან, როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის “ჯაყოს ხიზნები!” ვიღაც რუსეთს რომ ახსენებს, დოსტოევსკი, ჩეხოვი და რუსი ქალები ახსენდება, მე – ოთხოზორია, ანწუხელიძე, ჩვენი ნაწამები ბიჭები და წართმეული ტერიტორიები… ქართველებს მათსავით რომ ეფიქრათ, ვერც ერთ ომს ვერ მოვიგებდით. ამიტომ მათთან ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ქართველი მონობას ვერ ეგუება და რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს!”