უკრაინელ სნაიპერებად გასაღებული ქართველი მოლაშქრეები – შემოწმებულია მორიგი რუსული დეზინფორმაცია

კრემლი და მისი პროპაგანდისტები 25 ოქტომბრიდან რუსულ მედიაში აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინა საქართველოში არჩევნებზე პროვოკაციის მოსაწყობად ხალხს აგზავნის.  სამთავრობო მედია Tass  მეტი დამაჯერებლობისთვის კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს, რომ თბილისში თითქოს ამ მისიით “აზოვის” პოლკის ყოფილი მეომარიც იმყოფებოდა, რაც სრული სიცრუეა.  რა ფოტომასალასაც  კრემლის პროპაგანდა ავრცელებს, რეალურად მათზე ქართველ მოლაშქრეთა ჯგუფი ჩანს, რომელთა სამოსი არა სამხედრო, არამედ სალაშქრო აქტივობას  უკავშირდება.

“მითების დეტექტორმა” ვიდეოში მონაწილე ერთ-ერთი პირი ამოიცნო. ის საქართველოს მოქალაქე ლაშა კაციაშვილია. კაციაშვილი სკოლის მასწავლებელია და უკრაინულ მეომრებთან საერთო არაფერი აქვს.

კრემლის პროპაგანდას განსაკუთრებით არ მოეწონა, უკრაინის რადასა დეპუტატის ოლექსეი გონჩარენკოს საქართველოში ჩამოსვლა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით აკვირდებოდა არჩევნებს.  14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ ვიდეოს პროპაგანდისტული მედია გონჩარენკოს უკავშირებს. თითქოს, რადას დეპუტატმა საქართველოში პროფესიონალი მომიტინგეები ჩამოიყვანა.

კრემლი “ქართული ოცნების” იმ აქციების გაშავებას, სადაც მოქალაქეები ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ,  ყოველთვის იდენტური მეთოდით ცდილობს. მათი პროპაგანდის მთავარი ხაზი არის, რომ თითქოს, უკრაინას საქართველოში არეულობის მოწყობა სურს.

28 ოქტომბერს რუსეთის მთავრობის კონტროლირებადი მედიის Известия-ს  გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტის სტანისლავ გრიგორევის მიერ თბილისში გადაღებული ვიდეოც მოხვდა. გრიგორევი ჰყვება, რომ ვიდეოში უკრაინელი აქტივისტები ჩანან, რომლებიც თბილისში, სავარაუდოდ, გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.

სინამდვილეში კი კადრებში ერთ-ერთი იტალიური ორგანიზაციის დელეგაციის წევრები არიან, რომლებიც თბილისში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ. ისინი 27 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბნენ და საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კრემლის დეზინფორმაციული კამპანია ხშირად ემთხვევა მმართველი პარტიის ნარატივებს. ქართულმა ოცნებამ მისი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ომისა და მშვიდობის თემით საზოგადოების მანიპულირებაზე ააწყო და ცდილობდა მოსახლეობა დაერწმუნებინა, თითქოს გარე ძალებს საქართველოში არეულობა სურდათ.

კრემლის მეთოდოლოგია უცვლელია. რუსეთი საკუთარი გავლენის გამყარებას უკრაინაში იმავე ტექნოლოგიით ცდილობდა, რასაც დღეს საქართველოში იყენებს.

კრემლის პროპაგანდისტებისთვის საქართველოში შემოსვლა მარტივია . ხელისუფლება არავითარ განმარტებას არ აკეთებს პუტინის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავის ალექსანდრე მალკევიჩის საქართველოში ვიზიტის შესახებ. პროპაგანდისტი, რომელსაც შეერთებული შტატები და რამდენიმე დასავლური ქვეყნის სპეცსამსახურები ეძებენ და რომლისთვისაც ჯილდოდ 10 მილიონი დოლარია დაწესებული, უპრობლემოდ შემოვიდა საქართველოში და  ცესკოსგან საარჩევნო უბანზე მუშაობის აკრედიტაციაც მიიღო. ერთი წლის წინ მალკევიჩი ოკუპირებულ ცხინვალშიც იმყოფებოდა და ჯილდოც მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share