თბილისი დღეს უნდა იყოს ავანგარდში, უნდა გამოაფხიზლოს მთელი საქართველო – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მივიდა, ამბობს, რომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ მიზნის მისაღწევად და სამართლიანობის აღსადგენად, რასაც მიტაცებული ხმების დაბრუნება ჰქვია,  შეკრებები და პროტესტი მნშვნელოვანია.

მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს გარეთ გასვლისკენ და პროტესტზე შეერთებისკენ მოუწოდებს.

ამის იმედი არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ არ უნდა ვიყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პროტესტი უნდა შევანელოთ, ეს არ ნიშნავს, რომ იმედი ვინმემ უნდა გადაიწუროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმედით ავსება, არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება პესიმიზმის შემოპარება ამ პროცესში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავახსენებ ყველას, რომ თბილისი პირწმინდად წააგეს. წააგეს დიდი გაყალბების მიუხედავად. ეს ნიშნავს იმას, რომ მარნეული, ბოლნისი და ასეთი რეგიონი, სადაც უკიდურესად მდგომარეობაა ხალხის ყოფაცხოვრების, სოციალური პირობების, წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას“ მიეღო 80%. ამიტომ თბილისი დღეს უნდა იყოს ავანგარდში, თბილისმა უნდა იკისროს ვალდებულება, რომ გამოაფხიზლოს და გამოაცოცხლოს მთელი საქართველო, მისცეს იმედი და თქვას, რომ არაფერი წაგვიგია.

ყველას მოვუწოდებ, რომ სახლში ჯდომა არ არის გამოსავალი. გამოვიდეთ და ყველა იმ ადგილას, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ ხალხის ნება და პროტესტი დავაფიქსიროთ, უნდა დავდგეთ ერთად, – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრიბა. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში  საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share