საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ოზურგეთში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის წინ, რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში აღმართული რუსეთის დროშა ჩამოხსნეს – ინფორმაციას და ფოტოებს ირმა გორდელაძე ავრცელებს.

”ოზურგეთში, სოფელ მერიაში კომპანია “იბერია ჯგუფის მიერ” იჯარით აღებულ შენობის წინ ოკუპანტი ქვეყნის დროშა ჩამოხსნეს, მას შემდეგ რაც ” დაიტოვეს” ჯგუფში დაიდო ინფორმაცია და დაიწყო პროტესტი.

ხვალ ადგილიდან შემოგთავაზებთ რეპორტაჟს” – დაწერა მან.

მანამდე, ფოტო და ვიდეო, რომელზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, გამოცემა “ბათუმელებმა” გაავრცელა.

ცნობილია, რომ აღნიშნული შენობა ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“. შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფში“ წილებს სამი პირი ფლობს. კომპანიის 45 %-იანი წილი ეკუთვნის გიგა მახარაძეს, ასევე 45 % ეკუთვნის გრიგოლ აბრალავას, ხოლო 10 %-იანი წილის მფლობელი გივი ჩიქოვანია.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას გიგა მახარაძე და გრიგოლ აბრალავა ერთობლივად მართავენ.

კომპანიის წესდების მიხედვით, „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share