”ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენ ერთად გავიარეთ ხიფათითა და ბრძოლით აღსავსე უდაბნო და მივაღწიეთ აღთქმულ ქვეყანას – თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოსა და ერთსულოვნად აღიარებულ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
ჩვენ განსაცდელებით, ტკივილითა და ტანჯვით მოვახერხეთ, რომ თავისუფალ საქართველოში შვილები დაბადებულიყვნენ, რომლებმაც არ იციან ეგვიპტის მონობა – ათეისტური საბჭოთა კავშირი. დღეს, ეს თავისუფალი, ლაღი, გულღია და ბედნიერი ახალგაზრდობა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, უშიშრად აცხადებს, რომ სურს საქართველო, თავისი დიდებული წარსულით, კულტურითა და მემკვიდრეობით ქრისტიანული ევროპის სრულფასოვანი წევრი იყოს.
არ გვაქვს ამ არაჩვეულებრივი ხალხისა და მათი თავისუფალი არჩევანის დაზიანების უფლება. ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციით დადგენილი პოლიტიკური კურსის ცვლილების უფლება. ჩემი თაობის ადამიანებმა ძალიან კარგად ვიცით თუ რა შედეგები მოგვიტანა ერთმანეთთან დაპირისპირებამ და წარსულის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ცოდვაა და დაუშვებელია ძალადობა.
მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი, მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები, მცივა ნოემბრის სუსხიან ღამით გაყინულ სხეულზე და მეშინია მომავლის დაკარგვის. ეს ყველაფერი ხდება ქართველი ახალგაზრდების სხეულზე, მაგრამ ვგრძნობ მას, როგორც სულიერი მამა და მოძღვარი. სიძულვილის, შუღლის, მტრობის, დაპირისპირებისა და ქიშპობის დრო უნდა დასრულდეს. ახლა სითბოს, სიყვარულის, მიმტევებლობისა და თანალმობის დროა. მჯერა, რომ ღვთის მადლით, ჩვენი კურთხეული ქვეყანა ამ განსაცდელსაც წარმატებით გადალახავს. საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” –