მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, მეორე, ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიტოვების გამო. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს, მესამე ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ ქართული პოლიტიკური კლასის ნაწილის პრეტენზიები მათ დემოკრატიაში და მათ არჩევნებში საგარეო ჩარევის შესახებ. ვფიქრობ, დეზინფორმაცია და არჩევნებში ჩარევა არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.