აქტივისტმა თორნიკე მსხილაძემ ტაბულასთან ისაუბრა იმ მუქარების შესახებ, რომელსაც იგი უკვე რამდენიმე დღეა, ე.წ. ტიტუშკების მხრიდან სისტემატურად იღებს. მსხილაძის თქმით, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ხოლო ამაზე პოლიციას რეაგირება არ აქვს.
თორნიკე მსხილაძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. მსხილაძე 10 დეკემბერს, გამთენიისას პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავა. მედიაში მომხდარის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა. აქტივისტი იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მსხილაძის თქმით, იგი რამდენჯერმე დაუკავშირდა პოლიციას და გენერალურ ინსპექციას მუქარებთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი უწყებიდან ვერ მიიღო. მსხილაძის თქმით, პოლიცია კრიმინალთანაა შეკრული.