აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკომენტარებს და რუსული კანონის მიღებას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, “კარგია, რომ ახლა” საქართველოში “სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის”.
ამის შესახებ ალიევმა რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებთან, საერთო რუსულ სახელმწიფოებრივ სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიასთან და (ВГТРК) და РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ალიევი ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონს აქებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანში იყო პერიოდი, როდესაც გრანტის გამცემები და მიმღებები “თავს კარგად გრძნობდნენ”, მაგრამ მათ ეს “შეაჩერეს”.
“ისევ ვუბრუნდები გარე გავლენას, რამდენადაც გაირკვა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთისგან იღებენ და ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ, სავარაუდოდ, ხელფასს ათიათასობით იღებენ, მეტს თუ არა. ჩვენ ვიცით, ეს რაც არის, რადგან აქ, ჩვენს ქვეყანაში, იყო პერიოდი, როცა ამგვარადვე გრანტიჭამიები და გრანტის გამცემები თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ და ამიტომ, ნებისმიერმა გრანტმა, ნებისმიერმა სტრუქტურამ, იქნება ეს აზერბაიჯანული თუ უცხოური, რეგისტრაცია უნდა გაიაროს და შესაბამისი ორგანოები მეთვალყურეობენ, დაუშვან თუ არ დაუშვან “. – თქვა ალიევმა. [სტილი დაცულია]
ალიევის მტკიცებით, მედიები უცხოეთიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. ამასთან, ის ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანმა “ეს ყველაფერი უკვე მოაგვარა” და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ზომები “ოდნავ” დაგვიანებულია.
ალიევი ასევე ირწმუნება, რომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა აშშ-ს “დაქვემდებარებულია”.
“მაგალითად, არ შეიძლება, რომ აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროდან ფინანსდებოდეს, 1%-ითაც კი არ შეიძლება. რატომ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ აშშ-ს მედიას, ხომ ასეა? და მათ რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია? ამგვარად, ისინი მათი დაქვემდებარებული რესურსებით, როგორებიცაა ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დღე და ღამე ლაფს ასხამენ ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გამარჯვებას სომხეთთან ჩრდილს აყენებენ. ასე რომ, მგონი, ამის მოგვარებისთვის საქართველოში გარკვეული დრო გაიშვა, ხოლო როცა გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელმა ოდნავ ჩაიარა”. – თქვა ალიევმა.