თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თბილისში შეხვდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს.
30 წლის ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთანაა დაახლოებული და მას „უფროს ძმას“ უწოდებს.
ჩიმაევი ნათელი მაგალითია პრაქტიკისა, რასაც „სპორტსვოშინგს“ უწოდებენ, – პოლიტიკოსების, მათ შორის ავტორიტარი კადიროვის, მიერ პოპულარული სპორტსმენების დამეგობრება და მათი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
კალაძე და ჩიმაევი
MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც.
ფოტოებიდან ჩანს, რომ კალაძემ ჩიმაევს თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა.
„საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, – წერს ჩიმაევი და კალაძეს „თაგავს“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონებს ხვდება.
2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად შეხვდა ხაბიბ ნურმაგომედოვს.