სამსახურიდან გათავისუფლებულია კიდევ ერთი საჯარო მოხელე – ცესკოდან ნინო კაციაშვილი გაუშვეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, “დადგა დღე, როცა ცესკოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი”
“18 წელი ვიმუშავე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს საქმე არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამსახური. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს მასზე გახარჯული.
ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი.
მაგრამ დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი…
არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს ახლა.
ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, რუსეთის მომხრე ვერ იქნება! ასე გავიზარდე! შავლეგოს ვმღეროდი ბალღობიდან და ძალიან გვიანია ახლა ჩემში რამე შეიცვალოს!
ყველა ჩემს კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ” -წერს კაციაშვილი.