„აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც სამშობლოსთვის თავს სწირავს, შენ კი ვერაფერს აკეთებ, ეს ტრაგედია რომ არ დადგეს“ – ლანა ღოღობერიძე

აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ის უიშვიათესი გმირია, ვისაც სამშობლოსთვის თავგანწირვა შეუძლია.

 

ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი “ბათუმელების” დირექტორის გათავისუფლებაა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, აღასრულონ სამართლიანობის აქტი და ნუ შევლენ ისტორიაში სამარცხვინო სახელწოდებით.

 

აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი არ შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს! აქ ყოველი ჩვენგანის განცდები თუ ღამის კოშმარები მოსატანიც არ არის. თან ის ისეთი სადაა, ისეთი  გულწრფელი, ისე უბრალოდ ითხოვს, მის ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკოთ! და ჩემთვის ნათელია, მასში ის უიშვიათესი კოდია ჩადებული – სამშობლოსთვის თავგანწირვის კოდი. ეს ის ადამიანებია, მერე გმირებს რომ ვეძახით!დღეს კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა: ჩაიდინეთ ეს ელემენტარული სამართლიანი აქტი, თუ არ გინდათ ისტორიაში უმძიმესი სახელწოდებით დარჩეთ. მზია კი ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით, – წერს ლანა ღოღობერიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share