“დღევანდელი რეალობა უნდა განიკურნოს, რადგან დიქტატურა და ავტორიტარიზმი არის დაავადება” – სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

დღევანდელი რეალობა უნდა განიკურნოს, რადგან დიქტატურა და ავტორიტარიზმი არის დაავადება” – ეს არის ამონარიდი სინდისის პატიმრის წერილიდან, რომელიც “პირველების” რედაქციამ ციხიდან მიიღო.

არჩილ მუსელიანცი, რომელსაც რეჟიმი მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება, გვწერს, რომ მას საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო სჯიან. საკანში გამოკეტილი ახალგაზრდა მამაკაცი თავადაც მხნედ არის და ამხნევებს რუსთაველის გამზირზე მებრძოლ თანამოაზრეებსაც – “არავინ და არაფერი დაუდგება წინ თავისუფლებას”.

მოგესალმებით ღირსეულო საზოგადოებავ, მოგესალმებით გამარჯვებული საზოგადოებავ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც ქვეყნის თავისუფლება, ქვეყნის სიყვარული და წარმატება გახდა დასჯადი. დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოება გაერთიანდა ერთი მიზნისთვის და ეს მიზანია მშვიდობა, რეალური მშვიდობა და არა ისეთი, როგორიც ქართული ოცნების პერიოდშია, სადაც დღისით, მზისით ხალხს იტაცებენ ოკუპანტები.

შორს არ წავიდეთ, რა მშვიდობაზეა საუბარი, როცა საოკუპაციო ხაზის დაცვის მაგივრად უწყებები დაკავებულები არიან სოციალურ ქსელში პოსტების და ლაიქების დევნით. რა ღირსებაზეა საუბარი, როცა შენივე მოქალაქეს გაუპატიურებით ემუქრები. რა სამართალზეა საუბარი, როცა სამართალი შერჩევითია. ეს დღევანდელი რეალობა უნდა განიკურნოს, რადგან დიქტატურა და ავტორიტარიზმი არის დაავადება დემოკრატიისთვის. იყავით მხნედ, იყავით მაგრად. არავინ და არაფერი დაუდგება წინ თავისუფლებას. ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები.” – წერია წერილში. 

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share