„ცხავათი“ – „ცხავატი“

„ცხავათი“ – „ცხავატი“
.
გურიაში გვეხვდება ტოპონიმები – ცხავათი, ცხავათა და ნაცხავატევი (ასევე გვხდება აჭარის ტერიტორიაზე). ამ შემთხვევაში გარკვეულ აქცენტს გავაკეთებ სოფელ ძიმითში არსებულ „ცხვათის“ გორზე, რომლის მსგავსი დასახლების „ცხავატი“-ის სახელითაა ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის უძველესი ისტორიულ გეოგრაფიული რეგიონი (ახლანდელი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით სოფელ ქვეშეთამდე), რომელიც ისტორიულ წყაროებში VII საუკუნეში არის მოხსენიებული.
.
მთიულეთში სიტყვა “ცხავატი” მთაგორიან, ბარიდან მთისკენ გარდამავალი რელიეფის აღმნიშვნელი ზოგადი სახელია. თუმცა გურიაში არსებული ტოპინიმი ნაცხავატევი (ანუ ადგილი სადაც ადრე „ცხავატი“ იყო) გვაფიქრებინებს, რომ ცხავათი (ცხავატი) ამ შემთხვევაში სხვა რამეზე უნდა მიანიშნებდეს და ჩემი აზრით დასახელება უძველესი საკულტო დანიშნულების ადგილის აღმნიშვნელი უნდა იყოს.
.
საინტერესოა მოსაზრება მთიულეთისა (ხადა-ცხავატი) და გუდამაყრის მოსახლეობის შავშეთიდან მოსვლის შესახებ, რაც ასევე მითოსურ გადმოცემებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ კიკნაძის მიხედვით „დევ-კერპების“ ამოწყვეტას და თავიანთი საზოგადოებების (წმინდა გიორგის საყმოების) დაარსებას აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები სწორედ წმინდა გიორგის უკავშირებენ, რომელსაც მიიჩნევენ თავიანთ პატრონად. თუ კი მთიულეთის მოსახლეობის შავშეთიდან გადმოსვლის შესახებ გადმოცემისა და მთიულეთშივე არსებული ლომისის წმინდა გიორგისთან დაკავშირებით, უკვე საინტერესოა გურიის მთიულეთთან გარკვეული კავშირის მიმანიშნებელი ორი გარემოება:
.
1) დიმიტრი ბაქარაძე, რომელმა გურიაში 1773 წელს იმოგზაურა თავის ნაშრომში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა აჭარაში“ უთითებს ძიმითის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში არსებული ხატის წარწერას:
.
„ძიმითის წმ. გიორგის ხატის ბუდეზე: „წმინდა გიორგი ჯიხანჯირისა, მენ დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთ მოქმედო, ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი, შეგამკეთ და შემოგწირეთ კუბო ესე მე გუგუნავამ ვახუშტიმ და თანამეცხედრემან ჩემმან ბატონის გურიელის სახლის შვილმა დადიანის ქალმა ლელამ ძეთა ჩვენთა აღსაზრდელად, სულთა ჩვენთა საოხად. დღეთა ჩვენთა სადღეგრძელოდ საუკუნოდ, ამინ და კირიელეისონ“.
.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ძიმითში არის სწორედ გორი დასახლებით – „ცხავათი“, ზურაბ კიკნაძე კი ზემოხსენებული წარწერაზე აღნიშნავს, რომ კავშირი უნდა იყოს ძიმითის წმინდა გიორგის ეკლესიასა და ლომისის წმინდა გიორგის საყმოს შორის – „სახელგანთქმულმა ლომისის წმიდა გიორგის ხატმა, რომლის ღვაწლი ამგვარად იხსენიება სადიდებლებში: “გაუმარჯოს ლომისას, ხორასანთ ტყვეთა დამხსნელსა”. ლომისის წმიდა გიორგის ტყვეობისა და მისი თავდახსნის ამბავი მრავალ ვარიანტად არის ჩაწერილი და დაბეჭდილი. თუმცა ხორასანს ტყვეთა მხსნელობა არ დარჩა მხოლოდ ლომისის წმიდა გიორგის პრივილეგიად.
.
2) „გურიაში თავის განსაკუთრებული ძალით ცნობილია წმინდა გიორგის ხატი „ლომის-კარელი“, რომელიც დასვენებულია იმავე დასახელების ეკლესიაში სურების საზოგადოებაში“ წერდა ტარასი მამალაძე თავის ეთნოგრაფულ ჩანაწერებში.
.
ხატის წინაშე დაზარალებულები „ბრალს“ უყენებდნენ ანუ „ხატზე გადასცემდნენ“ დამნაშავეებს და თუკი ვინმეს ბრალი ჰქონდა ხატი სჯიდა მას და მის შთამომავლობას. ლომისკარელი წარმოადგენდა ჯვარს, მისი სიმაღლე ერთი არშინი, ხოლო სიგანე ორი მკლავი გახლდათ და მთლიანად ვერცხლით ყოფილა მოჭედილი. გრიგოლ ურატაძის მიხედვით ლომის-კარელის ხატი ლომისის უძველესი ეკელსიიდან ყოფილა ჩამოტანილი.
.
– СМОМПК – 1893 г (XVII т.). Тарас Мамаладзе;
– Григорй Уратадзе – Воспоминания грузинского социал-демократа (1968);
– ზურაბ კინაძეს (ქართული მითოლოგია – ჯვარი და საყმო 1996);
– Дм. Бакрадзе – Археологическое путешествие по Гурии и Адчаре 1878;
– ჟურნალი „ისტორიანი“ #75 – ქართული სალოცავები თქმულებებში, გ. ჩინჩალაძე;
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971);
ka.wikipedia.org (ცხავატი);
– ფოტო: მთიულეთი, ცხავატი ღარუეთის სალოცავი
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share