ლანჩხუთის ციხე
.
დღეს ალბად ძნელი წარმოსადგენია ის, რომ გურიაში ციხეკოშკების დიდი სიმრავლე იყო, რასაც ისტორიული დოკუმენტების გარდა ნათლად მოწმობს სიმაგრეთა ნანგრევებისა და ნაშთების სიმრავლე. სამწუხაროდ 1804-1820 წლებში გურიის ციხესიმაგრეთა დიდი ნაწილი განადგურდა, მათი ერთი ნაწილი შიდა დაპირისპირებას შეეწირა, ნაწილი კი რუსებმა დაანგრიეს 1819-20 წლების აჯანყების ჩახშობისას და მხოლოდ რამდენიმე ციხესიმაგრეა შემორჩენილი მე-19 საუკუნის სახესთან მიახლოებული ფორმით.
1797 წელს მცირეწლოვან მამია გურიელს მთავრობა ბიძამ ვახტანგ გურიელმა წაართვა, ამ ფაქტმა ქაიხოსრო გურიელი აიძულა გურიაში დაბრუნებულიყო და მამიას დამხმარებოდა, ვახტანგის გარდა გურიაში პრობლემას ქმნიდნენ ასკანისა და ლანჩხუთის ურჩი მოურავები. ქაიხოსრომ 1804 წელს ასკანის ციხე აიღო და ამავე ციხის მოურავი დავით ასათიანიც მოაკვლევინა. ამის შემდეგ კი ლანჩხუთის მოურავი ზაბუელ ჟორდანიაც ალაგმა და მისი სამოურავო ლანჩხუთის ციხე დაანგრია.
.
ლანჩხუთის ციხის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს და იგი ამავე ვარაუდით მდებარეობდა ქალაქ ლანჩხუთის ახლოს არსებულ სოფელ ჯუნეწერში.
.
ციხის დანგრევასთან დაკავშირებით ცნობას იძლევა ტრჟასკოვსკი – ქაიხოსრო გურიელმა „გაუმკლავდა ურჩ მოურავებს: ასკანის – დავით ასათიანს და ლანჩხუთის – ზუბაიდელ ჟორდანიას, რომლებიც ღალატით მოკლა (იმ დროისათვის დიდად საპატივცემული კნონის გამოყენებით), მან აიღო მათი ციხესიმაგრები, ლანჩხუთის კი საფუძვლამდე დაანგრია.“
.
იგივეს ამბობს ვასილი პოტო – „ასკანის კვალდაკვალ ლანჩხუთის ციხეც დაეცა და მას მერე შეწყდა ყველა უწესრიგობა, რომელიც ამ მხარეს აწუხებდა. ქაიხოსრო გახდა დაუმორჩილებელი აზნაურების რისხვა. იგი მამიას მთავრად გახდომამდე მართავდა ქვეყანას, გურიაში ქაიხოსროს ენერგიული მოქმედებების შედეგად სიმშვიდე ჩამოვარდა და ქვეყანამ დაისვენა მასზე თავდამტყდარი უბედურებისაგან.“
.
– ტრჟასკოვსკის ჩანაწერებიდან – Краткий историчуский обзор Гуріи. Со времени поступленія ея въ подданство Россіи – Из записок Капитана Тржасковскаго (Кавказ 1846 г. №49-№50)
– ვასილი პოტო В. А. Потто – Кавказская война
– ჯუნეწერში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევების ფოტოები მომაწოდა ბატონმა გიორგი გრძელიძემ.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა