როგორ ებრძოდა გურულები უჟმურს

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე შინაური ცხოველი ან აბრეშუმის ჭია დაავადება, ან თოფი ვეღარ ხვდება მიზანში, ან ბადე ვეღარ იჭერს თევზს, ან ხაფანგი ვეღარ იჭრს მხეცს და თუ კი შესაძლებელია ეს მოვლენები აიხსნას ვისიმე “ავი თვალით”, მაშინ ამ საგნებზე ამბობენ შემდეგ ლოცვებს (როგორც წესი ამას ქალები აკეთებენ).
ლოცვის პირველი ნაწილი
მე ვილოცავ თვალ ყურისასა, ავი ყურისასა შინიერისასა, გადაღმისასა, ქალისასა, კაცისასა, დიდისასა, პაწისასა, თეთრ-ფეროვანისასა, შავ-ფეროვანისასა, ყოველი სული დაბადებულისასა. მე მლოცველი ვარ, ქრისტე მკურნალია. ღმერთო აგრე: ლოცვა ჩემი, ბრძანება შენი.
ლოცვის მეორე ნაწილი
იჯდა დედა მარიამ კარსა სამოთხისასა, ქსოვდა ქსელსა ძეწაურისასა. მოვიდა ქალი იგი საშინელი და კაცი იგი საშინელი, ამიშალა ქსელი ჩემი, წამიხდინა მხარი ჩემი. იმასა ტირის, იმასა ჩივის, იმასა ყრის ცრემლსა მარგალიტისასა, იმასა იგლეჯს თმასა გიშრისასა, იმასა იგლეჯს ლოყასა ლალისასა. მოვიდა ქრისტე, ჰკითხა რას ტირი დედაო მარიამ? გაიღე რვალი, დასვი, დასდაგე თვალი და ყური, ავი თვალისას თვალი დაუფსე.
ლოცვის მესამე ნაწილი
მოდიოდა შავი წყალი, მას მოჰქონდა შავი გველი; ჩავყავ შავი ყავარჯენი ამოვიღე შავი გველი, დავდევ ქვასა რვალისასა, დავასხმიე შხამი-სისხლი იგი ავსა სულისასა, იგი ავსა გულისასა. თვალთა ნაცარი, გულთა ლახვარი, წმინდა გიორგის ისარ ბოძალი, იქ გავიდა მთასა, თავი დაჰკრა ქვასა, მუცელი სამართებელსა, თვალი გველისა ფხასა; გასკდა რვალი გავარდა თვალი.
ლოცვის მეოთხე ნაწილ
ელუსამედს ყანა მქონდა, ყანაში და ლოდი იდვა, ცალ თვალში ცეცხლი ენთო, ცალ თვალში და წყალი ედგა. წაიქცა წყალი დაიფსო ცეცხლი, დაეფსო სამზერი თვალი ავი თვალისასა, ავი ყურისასა, ავი გულისასა.
ამ ლოცვას ხალხი მიიჩნევს ყველაზე უფრო საიმედო საშუალებად ავი თვალის წინააღმდეგ, რის გამოც იგი ძალიან გავრცელებულია ქალებში, რომლებსაც ის ზეპირად ახსოვთ და ზეპირადვე გადასცემენ მომავალ თაობას.
1893 წელი ტ. მამალაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: