პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული და პოლიტიკური თვალსაზრისით პულსი ძლივს ესინჯებოდა, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააბრუნა ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ პოლიტიკაში.
,,ღარიბაშვილი არის ხისტი პოლიტიკოსი, ძალიან მკვეთრი და პირდაპირი. გახარიას გადადგომის შემდეგ შეიქმნა სრულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება, ოპოზიციამ ჩათვალა ეს როგორც გამარჯვება, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუს-კვოს აღდგენა მოინდომა და სწორედ ის პიროვნება წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც პირველივე გამოსვლაზე განაცხადა, რომ სამართალი იქნება აღსრულებული. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ პროცესი წავიდოდა უფრო ღრმად და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამ ნაბიჯისა, საკმაოდ შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ჩვენს პარტნიორებში. ისინი საუბრობენ ორივე მხარეზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ნოემბრიდან-დღემდე როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა სრული მხარდაჭერა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული და პოლიტიკური თვალსაზრისით პულსი ძლივს ესინჯებოდა, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააბრუნა ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ პოლიტიკაში. თუ ხელისუფლება ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას. ღარიბაშვილი ნამდვილად არის ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გამტარებელი, გამომდინარე მისი მოღვაწეობიდან. მინდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გაითვალისწინებს იმას, რასაც პარტნიორები ურჩევენ და დიალოგისკენ წაიყვანს საქმეს“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.