”საგანგებო დახმარების ოპერაციები ხარკივში ჯერ კიდევ გრძელდება რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები — “ისკანდერები”. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ რაიონზე ჰაერში აფეთქდა, მეორე კი სამრეწველო ობიექტს დაეცა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ახლოს მდებარეობს.
დარტყმის შედეგად დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები და დაშავდა ბევრი ადამიანი — ასზე მეტი. ყველა მათგანს ეხმარებიან. ეს სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან — ზოგი ხანდაზმულია, ზოგი კი ძალიან ახალგაზრდა. ისინი უბრალოდ თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ ქალაქში ცხოვრობდნენ — და ეს უკვე საკმარისი მიზეზია რუსეთისთვის, რომ მიზანში ამოიღოს ისინი და რაკეტები ესროლოს.
უნდა იყო აბსოლუტური არამზადა და სიცოცხლის მტერი, რომ წითელ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს, განახორციელო სარაკეტო იერიშები ჩვეულებრივ ქალაქზე.
და როცა ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს — პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს — “პატრიოტის” სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების თხოვნით, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ამ რუსული ბოროტებისგან — ფრთოსანი და ბალისტიკური საფრთხეებისგან — ჩვენ ვითხოვთ ისეთივე დაცვას, როგორსაც ნებისმიერი ერი იმსახურებს.
არ უნდა არსებობდეს ვითარება, როდესაც ერთი ერი მეტ დახმარებას იმსახურებს, ვიდრე მეორე. თანაც, დახმარება ქრისტიანული საქციელია — განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს რეალური შესაძლებლობა. და არ უნდა არსებობდეს შემთხვევა, როცა ერთ ტერორისტს შეუძლია პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც სიცოცხლეებს ანადგურებს, როგორც სხვები. რუსეთმა, სულ მცირე, უნდა იგრძნოს მკაცრი სანქციების სიმძიმე, როგორც პასუხი ყველაფერზე, რასაც სჩადის.
დღეს გავაფართოვეთ უკრაინული სანქციები კიდევ თითქმის ასი სუბიექტის — როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის — წინააღმდეგ, რომელთაგან ბევრი “ისკანდერის” ტიპის რაკეტების წარმოებაშია ჩართული — ისეთების, როგორებმაც ხარკივი დააზიანეს. ამ პირების უმრავლესობა რუსეთიდანაა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი ჩინეთიდანაცაა.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ჩვენი სანქციები იყოს შეთანხმებული — ყველამ, ვინც ეხმარება ამ მკვლელობასა და ომის გაჭიანურებას, უნდა აგოს პასუხი. მადლობელი ვარ ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ პოზიციას იზიარებს.”